საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი 20 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის საბჭოს ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებს შეხვდა.
„საქართველოს მეგობრების“ შეხვედრაში, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის ორგანიზებით გაიმართა, ასევე მიიღეს მონაწილეობა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.
ლაიჩაკმა განაცხადა, რომ შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისგან თბილისის მოლოდინების შესახებ შეხედულებების გასაცვლელად.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზების ლიბერალიზაციაზე გაამახვილა ყურადღება.
Ahead of #FAC hosted Friends of #Georgia meeting w/T.#Beruchashvili & EU FMs 2 discuss road 2 #Riga #EaP summit & stress EU support 4Georgia
— Miroslav Lajčák (@MiroslavLajcak) April 20, 2015
რიგის სამიტზე თბილისს სურს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა უზრუნველყოს. საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ევროკომისიის ანგარიშზე, რომელიც რიგის სამიტამდე იქნება წარმოდგენილი და რომელშიც დეტალურად იქნება ასახული, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს რეფორმების განხორციელების კუთხით. სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირისგან შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.
„მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირის მინისტრებისთვის, რადგანაც ჩვენ რიგის სამიტს ვუახლოვდებით; ჩვენ დეკლარაციაზე ვმუშაობთ და ვინაიდან საქართველო ერთ–ერთი ლიდერია, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული ქვეყანაა, ეს კარგი შესაძლებლობა იყო [საქართველოს] საგარეო საქმეთა მინისტრისთვის იმ პროგრესის წარმოსადგენად, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია“, – განუცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
„ვფიქრობ, შეხვედრა იმ კარგი სამუშაოს მკაფიო აღიარება იყო, რომელიც თქვენმა მთავრობამ შეასრულა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ამოცანების განხორციელებისას და იმავდროულად, მინისტრმა ბერუჩაშვილმა ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მოლოდინების თაობაზე ძალიან მკაფიო გზავნილი გააკეთა“, – განაცხადა მან.
ლაიჩაკმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პრეზენტაციის შემდეგ, ასევე ისაუბრეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა. მათ საქართველოს „ყველა ძალისხმევა დადებითად შეაფასეს“ და „ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხებზე, რომლებიც, ჩვენი შეხედულებით, მნიშვნელოვანია“.
Good meeting of "Friends of Georgia" before Riga summit hosted by @MiroslavLajcak,Georgia is a clear front runner of the Eastern partnership
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) April 20, 2015
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით და რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს მაისში, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანაა რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.
„საქართველოს პროგრესი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით სათანადო შეფასებას მიიღებს რიგის სამიტზე“, – განაცხადა რინკევიჩსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „აგრეთვე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ სასამართლო სისტემაში განაგრძოს რეფორმები, რითიც სასამართლო სისტემის და პროკურატურის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“.
Thanks @MiroslavLajcak 4 arranging #EU meeting w our colleague #Beruchashvili. We must support #Georgia, while it faces creeping annexation
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) April 20, 2015
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა „იყო მკაფიო დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა“.
„საქართველო განიხილება, როგორც ქვეყანა, რომელმაც ყველაზე წარმატებით განახორციელა რეფორმები აღმოსავლეთ პარნტიორობის ქვეყნებს შორის. საქართველო არის ლიდერი ქვეყანა ყველა მიმართულებით და ეს ძალიან მკაფიოდ დაფიქსირდა. ეს შეფასება ადეკვატურად უნდა აისახოს რიგის სამიტის დეკლარაციაში“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოება და სტაბილურობა საქართველოსა და რეგიონში, განსაკუთრებით რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების კონტექსტში, როდესაც მან „მოკავშირეობის“ შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომელსაც თბილისი გმობს, როგორც ამ „ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ“ გადადგმულ ნაბიჯს.
მოგვიანებით 20 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში თავიანთ კოლეგებს შეხვდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან რიგის სამიტისთვის მზადების განსახილველად.