Site icon Civil.ge

უსუფაშვილი მონტენეგროს სტუმრობს

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მონტენეგროში გაემგზავრა ორმხრივი თანამშრომლობის და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით.  

„ჩვენ ვართ, გარკვეულწილად, პარალელურ რეჟიმში ნატოში ინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით. შესაძლოა, ტემპები იყოს განსხვავებული ნატოში ინტეგრაციის, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკა გაგრძელდეს“, – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ვიზიტის დაწყებამდე.

„ამიტომ, მონტენეგროს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვისაც, რომ არ გაძლიერდეს იმ ტიპის სენტიმენტები, რომელიც ხანდახან გაისმის ხოლმე, რომ ნატოს გაფართოების პროცესი, შესაძლოა, შექმნილ ვითარებაში, არ არის ყველაზე სწორი ნაბიჯი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯია“, – განაცხადა მან, „მონტენეგრო არის ევროპული სახელმწიფო და მასთან ურთიერთობა ჩვენ ძალიან გვჭირდება“.

22–24 აპრილს დაგეგმილი ვიზიტის  დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის კოლეგას, რანკო კრივოკაპიჩს, პრემიერ–მინისტრ მილო დუკანოვიჩს და შინაგან საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრს, რასკო კონევიჩს შეხვდება.

უსუფაშვილს მონტენეგროში ახლავს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე და ქართული ოცნების დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე.