რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირმა სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ბელარუსისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის 2009 წელს დაიწყო, „ანტი–რუსულია“.
როდესაც ლუკაშევიჩს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის მოახლოებული სამიტის შესახებ და ასევე იმის თაობაზე ჰკითხეს, ეწინააღმდეგება თუ არა აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთის ინტერესებს, მან უპასუხა: „რუსეთს ძალიან უარყოფითი პოზიცია აქვს ამის მიმართ“.
„ჩვენ თვალყურს გავადევნებთ იმას, თუ როგორ წარიმართება რიგის სამიტი. თუმცა, უკვე ნათელია, რომ ჩვენი რეაქცია საკმაოდ მკაცრი და პრინციპული იქნება,“ – განაცხადა მან.
„ჩვენ ვხედავთ, საით მიდის ეს „პარტნიორობა“ და როგორ ელფერს იძენს, პროგრამის მონაწილეების პოზიციების გათვალისწინებით, პირველ რიგში, ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.
„მოდით დაველოდოთ შედეგებს. „პარტნიორობის“ არსს აშკარად აქვს მკაფიოდ გამოხატული ანტი–რუსული მიმართულება“, – დასძინა მან,
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩსმა, რომლის ქვეყანას ევროკავშირის თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით და რომელიც მაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს, ამ განცხადებას თავის Twitter–ზე უპასუხა: „მოსკოვი რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს აღიქვავს, როგორც მის წინააღმდეგ მიმართულს. მათ სრულიად არასწორად ესმით. დროა შეჩერდეს ძველი ყაიდის აზროვნება“.
Moscow sees Riga Eastern partnership summit as directed against it, they get it completely wrong, time to stop old fashioned thinking
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) April 24, 2015
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ „ჩვენს რუს კოლეგებს ზოგჯერ ჩვევიათ ხოლმე სამყაროს ასეთი აღქმა – რაშიც თვითონ არ მონაწილეობენ მაინცდამაინც მათ წინააღმდეგ არის მიმართული. როდესაც ეს პროექტი, აღმოსავლეთ პარტნიორობა იქმნებოდა 2009 წელს, რუსეთს შესთავაზეს მაშინ მონაწილეობის მიღება, მაგრამ უარი განაცხადა, არ მოინდომეს მონაწილეობა“.
„ჯერ სამიტი არ ჩატარებულა და უკვე რაღაც განაჩენის გამოტანა ვფიქრობ არ არის სწორი“, – განუცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს .
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)