Site icon Civil.ge

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის პირველი კვარტლის მშპ–ს ზრდამ 3.2% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 3.2% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

წინასწარი შეფასებით, 2015 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.3%  შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მას შემდეგ, რაც თებერვალში 4.9%–იანი, ხოლო იანვარში 0.5%–იანი ზრდა დაფიქსირდა.

მთავრობამ თებერვალში განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%–დან 2%–მდე შემცირებას გეგმავს, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამს და საბიუჯეტო პარამეტრები კვლავ 5%–იან ზრდაზეა გათვლილი.

ეკონომიკა, სავარაუდოდ, ერთ–ერთი მთავარი საკითხი იქნება, რომელზეც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიციური დეპუტატების კრიტიკის მოსმენა მოუწევს, როდესაც ის პარლამენტის წინაშე წარდგება, რადგანაც შვიდი მინისტრის გადადგომის შემდეგ მის მთავრობას პარლამენტის ნდობის მოპოვება ესაჭიროება.

აპრილის შუა რიცხვებში სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings–მა საქართველოს რეიტინგი პოზიტიურიდან სტაბილურით შეცვალა და ქვეყანას “BB-” რეიტინგი დაუტოვა, რაც სამი საფეხურით ჩამოუვარდება ე.წ. "საინვესტიციო დონის" რეიტინგს. სარეიტინგო კომპანიამ განაცხადა, რომ უამრავმა საგარეო შოკმა, რაც რუსეთში ეკონომიკურ ვარდნას მოყვა, „ძალიან უარყოფითი გავლენა“ მოახდინა საქართველოზე, რასაც თან სდევდა ექსპორტის და ფულადი გზავნილების კლება და ეროვნული ვალუტის, ლარის გაუფასურება. 

2014 წლის ნოემბრის დასაწყისიდან, როდესაც ქართულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ლარმა აშშ დოლარის მიმართ თავისი ღირებულების 31.6% დაკარგა. საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 2015 წლის პირველ კვარტალში 27.7%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 502.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფულადმა გზავნილებმა პირველ კვარტალში 22.8%–ით დაიკლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 249.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 28 აპრილს, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებით არის გამოწვეული; მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. მისი თქმით, მშპ პირველ კვარტალში 3.1%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. „გადახედეთ რეგიონში მიმდინარე სიტუაციას და ნახავთ, რომ ეს არის გამონაკლისი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ ეს მთავრობის წევრების „ეფექტური“ მუშაობის შედეგია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)