Site icon Civil.ge

საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიას სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი 4-5 მაისს გერმანიაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ბუნდესტაგის პრეზიდენტს  ნორბერტ ლამერტს შეხვდება.

“განხილვის მთავარი თემა იქნება საქართველოს ურთიერთობები გერმანიასთან და ევროკავშირთან, ასევე სიტუაცია რეგიონში”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს მინისტრების შეხვედრის წინ.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ასევე დაგეგმილია ბერუჩაშვილის შეხვედრები გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან და ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ რიოტგენთან.

„შეხვედრებზე მთავარი ყურადღება დაეთმობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტისთვის მზადებას და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონულ თემატიკას და საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილს საჯარო გამოსვლების ექნება კოერბერის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან მიწვეული ექსპერტები დაესწრებიან და ასევე გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ფორუმზე; დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები გერმანული ბიზნეს და ჟურნალისტური წრეების წარმომადგენლებთან.

ბერუჩაშვილის ვიზიტის პარალელურად, რასაც, მისი უწყება, ორ ქვეყანას შორის „ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების“ გამოხატულებას უწოდებს, ბერლინს ასევე სტუმრობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც ასევე შეხვდება თავის გერმანელ კოლეგას ტომას დე მეზიერს.