Site icon Civil.ge

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადრიდში შეხვდა

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე 5 მაისს მადრიდში ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი განიხილა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. ამავე ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა „ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების დადებითი შეფასებისა და მიღწეული პროგრესის აღიარების მნიშვნელობას“.

რიგის სამიტი და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაცია იმ მთავარ საკითხებს შორის იყო, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს, როდესაც ისინი 4–5 მაისს ბერლინში თავის გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ; ეს საკითხი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პარიზში მიმდინარე კვირას გამართული შეხვედრების მთავარი თემაც იყო.

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ „გამოხატა ესპანეთის მხარდაჭერა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების პროცესის მიმართ“.

„როგორც გარსია-მარგაიომ განაცხადა, სამიტის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ გამოხატოს ერთგულება აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ და ერთ–ერთ პრიორიტეტს აღმოსავლეთში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება წარმოადგენს“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორმა მინისტრმა იმ სფეროებში აღნიშნა ურთიერთობების გაძლიერების საჭიროება, სადაც „ზრდის აშკარა პოტენციალი არსებობს, როგორც ეს ვაჭრობასა და ინვესტიციებშია“.  

„ამ კუთხით, ესპანეთი წლევანდელ ზაფხულს თბილისში დიპლომატიური ოფიცრის დანიშვნას გეგმავს“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.