Site icon Civil.ge

საქართველოს ლიდერები ევროკავშირს რიგის სამიტზე უვიზო რეჟიმის შემოღების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

ერთობლივ წერილში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროკავშირს რიგის 21–22 მაისის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების მკაფიო მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

5 მაისით დათარიღებულ წერილში, რომელიც პარასკევს გავრცელდა და რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან–კლოდ იუნკერს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს გაეგზავნათ, საქართველოს ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ რიგის სამიტზე ქვეყნის „ევროპული პერსპექტივა“ იქნება აღიარებული.

წერილში ნათქვამია, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისათვის გადამწყვეტ ნაბიჯს წარმოადგენს“ და აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ნაბიჯი „იქნება ხანგრძლივი და რთული რეფორმების შედეგი ახალი ძალისხმევისთვის“. 

საქართველომ და ევროკავშირმა ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს;  ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად,  საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს წარედგინა.

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მთელ რიგ სფეროებს მოიცავს, რომლებიც ეხება დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას; მობილობას და თავშესაფარს, ასევე სხვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების და უმცირესობების დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

2014 წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის მოთხოვნები, რაც ძირითადად მოიცავდა შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას და სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადავიდა, რაც ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში დანერგვას გულისხმობს.

ევროკომისია ანგარიშს იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო მეორე ფაზის ამოცანებს, სავარაუდოდ, 8 მაისს გამოაქვეყნებს.

„ქ. ვილნიუსში გამართული [აღმოსავლეთ პარტნიორობის] სამიტის შემდეგ [2013 წელს], პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემო მკვეთრად  შეიცვალა“, – ნათქვამია ლიდერთა ერთობლივ წერილში, „უკვე იმ დროს, ჩვენს წინაშე ნათელად იდგა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გამოწვევა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საერთაშორისო სამართლის პრინციპები და მათი გამოყენება, ისევე როგორც, ერების სუვერენული უფლება – თავად განსაზღვრონ  საკუთარი მომავალი. მას შემდეგ, მოსკოვის მხრიდან მისი მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამ  ფუნდამენტური საფრთხე შეუქმნა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ  კიდევ ერთხელ ერთად დავადასტუროთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პრინციპები და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი საერთო ხედვის – თავისუფალი და გაერთიანებული ევროპის რეალიზებისთვის“.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, … ჩვენ გწერთ,  რათა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს ლიდერებისა და ქართველი ხალხის მოლოდინზე და მოგმართავთ იმ ქვეყნების მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომლებმაც გააკეთეს თავიანთი სუვერენული არჩევანი – მიჰყვნენ  ევროინტეგრაციის გზას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებული იქნება და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით“.

„საქართველო მოწინავე ქვეყანაა გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის მიმართულებით. მხოლოდ უკანასკნელი ორნახევარი წლის განმავლობაში, ევროკავშირის  დახმარებით, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საქართველოს დასაახლოებლად უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან“, – ნათქვამია წერილში.

„ჩვენ სრულად ვინარჩუნებთ შიდა რეფორმების მაღალ ტემპს“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში,  „იმედს ვიტოვებთ, რომ, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამიტზე აღიარებული იქნება ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი და ხაზი გაესმება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს  ასოცირების ფარგლების მიღმა“. 

„ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისათვის გადამწყვეტ ნაბიჯს წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ჩვენ უზარმაზარი ძალისხმევა გავწიეთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, როგორც ჩვენი საერთო განვითარების პროგრამის ნაწილის, ყველა კრიტერიუმის შესასრულებლად და იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ ყოვლისმომცველ რეფორმათა შესრულებას ხელშესახებ შედეგებამდე მივყავართ. ჩვენ გვჯერა, რომ სამიტის წინ, ევროკომისიის საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ძალისხმევა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების დასრულების შესახებ ადექვატურად შეფასდება“.

„ტექნიკური მოთხოვნების შესრულების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარებას მკაფიოდ დაუჭერს მხარს“, – აცხადებენ საქართველოს ლიდერები.  

„საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭება თავის მხრივ ნიშნავს ტურიზმის განვითარებას, კულტურულ და სტუდენტურ გაცვლებს, სამოქალაქო საზოგადოებებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას. მომავალი თაობების ევროპელი ერების ოჯახთან დაახლოება  დიდად დაეხმარება ქვეყნის განვითარებას. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, როგორც საქართველოს მოქალაქეების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ჩათვლით, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“, – ნათქვამია წერილში.

„საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია იქნება ხანგრძლივი და რთული რეფორმების შედეგი ახალი ძალისხმევისთვის.  ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა დაინახავს თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მათ  საქართველოსთან რეინტეგრაციის შედეგად; ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორებისათვის ეს იქნება მეტი მოტივაცია რეფორმებისათვის“, – ნათქვამია წერილში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის საერთო ხედვები და ღირებულებები დღეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. რიგის სამიტმა უნდა აჩვენოს რომ ევროკავშირი ერთსულოვნად დგას ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დასაცავად და რომ ევროინტეგრაციის პროცესი სარგებელს მოუტანს  ქვეყანას“, – აცხადებენ საქართველოს ლიდერები ერთობლივ წერილში.

პარლამენტში 7 მაისს განახლებული მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით გამართული მოსმენების დროს, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებთან შეხვედრაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით დასახული ამოცანები შეესრულებინა და საბოლოო გადაწყვეტილება საერთო „გეოპოლიტიკურ“ სიტუაციაზე, ასევე ევროკავშირის შიგნით არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

მან განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს, რომ დადებითი შედეგი მიიღოს რიგის სამიტზე, თუმცა დასძინა, რომ „გადაჭარბებული მოლოდინების“ გაჩენა არ სურს.

პრემიერ–მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით და რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს ორ კვირაში, განაცხადა, რომ რიგის სამიტმა „მკაფიო და რეალისტური პასუხი უნდა გასცეს, მაგალითად, საქართველოს და უკრაინას მობილობის სფეროში“.

„პარტნიორ ქვეყნებს დიდი მოლოდინები აქვთ რიგის სამიტისგან, რაც ასევე გასაგებია; და ამიტომ გონივრული კომპრომისები უნდა გამოინახოს რიგის დეკლარაციის ფორმულირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა რინკევიჩსმა 5–6 მაისს სკანდინავიის და ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)