Site icon Civil.ge

განახლებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა


პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განახლებული მთავრობის დამტკიცების თაობაზე გამართული მოსმენის დროს დეპუტატებს მიმართავს, 8 მაისი, ქუთაისი. ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური.

პარლამენტმა 87 ხმით 38–ის წინააღმდეგ პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით განახლებული მთავრობა დაამტკიცა.

განახლებულ მთავრობაში, რომელმაც პარლამენტის ნდობა ორდღიანი მოსმენების შემდეგ მოიპოვა, შედიან ახალი თავდაცვის, ინფრასტრუქტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრები.

ოპოზიციურმა დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან განახლებულ მთავრობას მხარი არ დაუჭირეს.

ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების ახალი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი 21 აპრილს დაინიშნა და მან ამ პოსტზე დავით შავლიაშვილი შეცვალა, ხოლო დანარჩენი სამი მინისტრი 1 მაისს დაინიშნენ.

41 წლის თინა ხიდაშელი, რომელიც მანამდე ქართული ოცნების დეპუტატი იყო რესპუბლიკური პარტიიდან, საქართველოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი გახდა. ხიდაშელმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მეუღლეა, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მინდია ჯანელიძე შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი 2014 წლის ნოემბრიდან ეკავა მას შემდეგ, რაც წინა მინისტრი, ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კიდევ ერთი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან, გიგლა აგულაშვილი გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად დაინიშნა, რომელმაც ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვალა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ ერთ–ერთი მფლობელი და საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ დამფუძნებელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

დანარჩენმა მინისტრებმა თანამდებობები შეინარჩუნეს: 

ნდობის გამოცხადების კენჭისყრამდე, რომელიც ხანგრძლივი დებატების შემდეგ ღამის 2:25 საათზე გაიმართა, პარლამენტმა თინა ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებები შეუწყვიტა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ოქტომბერში საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში შუალედური არჩევნები გაიმართება პარლამენტში იმ მაჟორიტარული ადგილის შესავსებად, რომელიც თინა ხიდაშელს ეკავა. აგულაშვილს, რომელიც პარლამენტში 2012 წელს პარტიული სიით შევიდა, მისი ადგილმონაცვლე შეცვლის რესპუბლიკური პარტიიდან.


სატელევიზიო კადრი, სადაც ჩანს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი ბანერით ხელში, რომელზეც ლარის გაცვლითი კურსია გამოსახული აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში. მოსმენების დროს გამართული დებატების ერთ–ერთ მთავარ საკითხს ეკონომიკა და ლარის გაუფასურება წარმოადგენდა.

"თქვენს მიერ გამოცხადებული ხელახალი ნდობა ჩვენ მოგვცემს დამატებით სტიმულს, რომ განახლებული ენერგიით და ახალი ძალისხმევით განვაგრძოთ მუშაობა იმ საერთო მიზნებისთვის, რისთვისაც ჩვენ ქართველმა ხალხმა აგვირჩია“, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა დეპუტატებს მოსმენის დროს.

მისი თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეებს აღარ ეშინიათ აზრის გამოხატვის, პატიმრებს აღარ კლავენ და აწამებენ, ბიზნესს აღარ ატერორებენ, პოლიცია და არმია დეპოლიტიზირებული, ხოლო მედია თავისუფალია სახელმწიფო კონტროლისგან.

„დადგა დრო, რომ გადავიდეთ განვითარების იმ ეტაპზე, როცა ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შრომის და დასაქმების ახალი საშუალება. ჩვენი მიზანია, რომ ჯანდაცვაში, განათლებაში, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, თუ სხვა დარგებში მიღწეული შედეგებით ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა მან.

„ჩვენი ქვეყანა ახლა გადადის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ჩვენი ქვეყანა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის პროცესი გახდეს შეუქცევადი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

დებატების დროს ერთ–ერთ მთავარ საკითხს ლარის გაუფასურება წარმოადგენდა, რომელმაც ნოემბრის შემდეგ თავისი ღირებულების 32%–ზე მეტი დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში.

პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი და ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ლარის გაუფასურება მხოლოდ გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული, მათ შორის აშშ დოლარის გამყარებით, რეცესიით რუსეთში და უკრაინის კონფლიქტით. ოპოზიციური დეპუტატები მთავრობას  იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ის მოუმზადებელი დახვდა გარე შოკებს, რაც ცხადი გასული წლის შემოდგომიდან გახდა, როდესაც ექსპორტის და ფულადი გზავნილების მოცულობამ კლება დაიწყო.

ქართული ოცნების დეპუტატებმა, რომლებიც დებატების დროს სიტყვით გამოვიდნენ, განაცხადეს, რომ თუ რაიმე შიდა ფაქტორი არსებობს, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია, მაშინ პირველ რიგში ეროვნული ბანკის როლი უნდა იქნას შესწავლილი. ბოლო დღეებში ქართული ოცნების დეპუტატებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის როლი შესაძლოა საპარლამენტო გამოძიების შესწავლის საგანი გახდეს. ეს ფაქტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკრიტიკა, როგორც მასზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა, რათა მან ბანკის რეზერვიდან დოლარის ინტენსიური გაყიდვა დაიწყოს ლარის დასახმარებლად. გაიმეორა რა ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა საპარლამენტო მოსმენების დროს, რომ ეროვნულ ბანკს უფრო აქტიური ინტერვენცია უნდა განეხორციელებინა, საკუთარი რეზერვებიდან მეტი რაოდენობის აშშ დოლარის გაყიდვის გზით. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე წელს 200 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოქმედი მთავრობის პირობებში ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, რადგანაც მთავრობას წარმოდგენა არ აქვს, რა არის ეკონომიკა და როგორ მუშაობს ის.

მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია, მაგრამ მას არავინ უსმენს.

ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან იმის გამოც აკრიტიკებდა მთავრობას, რომ ის არ აღიარებს ქვეყანაში „ეკონომიკური კრიზისის“ არსებობას.

დეპუტატმა "თავისუფალი დემოკრატებიდან" ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ მთავრობამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, თუმცა ჯიუტად უარყოფს ამას.

„საქართველოს სჭირდება მთავრობა, რომელიც აღიარებს, რომ კრიზისი არსებობს, რომელსაც აქვს ხედვა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და ანტი–კრიზისულ გეგმას განახორციელებს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას გულისხმობდა საშემოსავლო გადასახადის 20–დან 15%–მდე შემცირების, დამატებითი ღირებულების გადასახადის 18–დან 16%–მდე შემცირების და დივიდენდის დაბეგვრის და საწვავზე სააქციზო გადასახის გაუქმების თაობაზე.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა უპასუხა მას, რომ ანტი–კრიზისული გეგმა არ წაუკითხვას და ამის გაკეთების სურვილიც არ აქვს.

საპარლამენტო მოსმენების დროს ეკონომიკირ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ერთი თვის განმავლობაში „საგადასახადო ლიბერალიზაციის“ გეგმის წარმოდგენას გეგმავს; მან არ დააკონკრეტა, თუმცა სავარაუდოდ გულისხმობდა იმ ინიციატივას, რომელიც მთავრობამ მარტში გაახმოვანა და რომელიც რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმებას გულისხმობს.

თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა და მთავრობა სამი მთავარი გამოწვევის წინაშე დგანან. მან განაცხადა, რომ პირველი არის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და დასძინა, რომ „ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იმას, რომ ეს საფრთხეები შესუსტდება ან შემცირდება“.

„ასეთ ვითარებაში ჩვენ არ გვაქვს უფლება რაიმე სახის პოლიტიკური არასტაბილურობის“, – განაცხადა მან. „უკიდურესაც არაპროგნოზირებადია გარემო რეგიონში… ამიტომ, განახლებულ მთავრობას მე პირველ რიგში ვთხოვ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ყურადღებას“.

„მეორე – ჩვენ უნდა დავასრულოთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ მომავალ არჩევნებამდე [2016 წლის]“, – განაცხადა უსუფაშვილმა და ამ რეფორმებს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, ასევე საარჩევნო სისტემის რეფორმა დაასახელა.

„საარჩევნო სისტემის რეფორმა ნამდვილად განხორციელდება და ძალიან მალე განხორციელდება“, – განაცხადა უსუფაშვილმა თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების კრიტიკის საპასუხოდ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ქართული ოცნება ვერ ასრულებს თავის დაპირებას არსებული საარჩევნო სისტემის რეფორმირების, კერძოდ კი მისი მაჟორიტარული კომპონენტის თაობაზე.

„ჩვენ გპირდებით, რომ ყველა ეს რეფორმა იქნება მიყვანილი ბოლომდე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ამ საკითხში ვიქნებით ყველაზე უფრო წარმატებული ხელისუფლება, რომელიც ყოლია დღემდე ქვეყანას, დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეკონომიკა და სამუშაო ადგილების შექმნაა.

უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობაში რესპუბლიკური პარტიის ორი წევრის დანიშვნა იმის დემონსტრირებაა, რომ ახლა კოალიცია ქართულ ოცნებაში „უფრო სტრატეგიული თანამშრომლობაა“.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ [2014] კოალიციის საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)