პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 11 მაისს გია სალუქვაძე გურიის რეგიონის ახალ გუბერნატორად დანიშნა.
ეს ადგილი 2014 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც ყოფილი გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე თანამდებობიდან გადადგა.
ახლად დანიშნული გურიის გუბერნატორის სახელი მარტში ხშირად ფიგურირებდა მედიაში, ვინაიდან იგი ვიდეოფილმის „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენებათა ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში. ამ ფაქტმა პროტესტი გამოიწვია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ქალაქში საჯარო სკოლის მოსწავლეებიც წაიყვანეს ორგანიზებულად ფილმის სანახავად, რომელშიც თავმოყრილია ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში ყოფნის პერიოდში მომხდარი ისტორიები მკვლელობებზე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ პირებზე, პოლიციის მიერ ძალადობრივად დაშლილ საპროტესტო აქციებზე, უკანონო პატიმრებზე, საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე და ციხეებში მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურებისა და წამების ფაქტებზე.
2011 წელს გია სალუქვაძე ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით მიმდინარე ანტი–სახელისუფლებო აქციებში მონაწილეობდა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს ღამით ძალადობრივად დაშალეს; რამდენიმე დღეში სალუქვაძე დააკავეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააპატიმრეს – ამ ბრალდებას იგი უარყოფდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პარლამენტმა ის „პოლიტპატიმართა“ სიაში შეიყვანა და 2013 წლის დასაწყისში საყოველთაო ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლდა.
ბოლოს სალუქვაძე „საქრუსენერგოს“ აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა.