ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა ბრიუსელში 12 მაისს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ „გააორმაგონ ძალისხმევა“ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის „რაც შეიძლება სწრაფად“ და წარმატებით დასასრულებლად.
გამოეხმაურა რა ევროკომისიის ანგარიშს, რომელშიც საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაა შეფასებული, ტუსკმა განაცხადა, რომ ქვეყანამ „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია, თუმცა გარკვეული ნაბიჯები კვლავ რჩება გადასადგმელი.
ევროკავშირისთვის, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, 5 მაისს მიწერილ ერთობლივ წერილში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროკავშირს რიგის 21–22 მაისის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების მკაფიო მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მაგრამ ევროკომისიამ განაცხადა 8 მაისის ანგარიშში, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, საქართველოს „კვლავ გასათვალისწინებელი აქვს დარჩენილი რეკომენდაციები“.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე შემდეგ ანგარიშს 2015 წლის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს. თუმცა, ევროკომისიამ იქვე აღნიშნა, რომ „გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია მზად არის გადმოსწიოს შემდგომი ანგარიშის ვადები, თუკი გაგრძელდება სწრაფი წინსვლა… “.
11 მაისს ბრიუსელში პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ საუბრისას ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ ევროკომისიის ანგარიში „ძალიან პოზიტიური“ იყო.
„თუ ზოგიერთი შეუსრულებელი… საკითხი მოგვარდება, არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე ძალიან დადებითი საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდეს“, – განაცხადა ჰანმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა 12 მაისს მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველო „ევროკავშირის ახლო პარტნიორია“.
„რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი შეხვედრის დრო ძალიან კარგად შეირჩა. დავარწმუნე პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომ რიგის სამიტი დაადასტურებს ევროკავშირის ძლიერ მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ და ევროკავშირსა და მის სუვერენულ, დამოუკიდებელ აღმოსავლელ პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ძლიერი, უფრო ახლო და დიფერენცირებული ურთიერთობების განვითარების მიზანს“, – განაცხადა ტუსკმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეუფერხებელი განხორციელება კიდევ ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.
„მომწიფდა დრო, რომ საქართველოს მთავრობამ საჭირო რეფორმები განახორციელოს და იმავდროულად ახლო დიალოგი შეინარჩუნოს მოქალაქეებთან, საზოგადოების მიერ ამ პროცესის ხანგრძლივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ტუსკმა.