Site icon Civil.ge

NDI-ის კვლევა პარტიებისთვის ‘შესაძლებლობების დიდ არეალს’ აჩვენებს



წყარო: NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 27 მარტიდან 19 აპრილამდე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.

პოტენციური ამომრჩევლის მესამედს არ აქვს გადაწყვეტილი ან არ იცის რომელ პარტიას მისცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ნათქვამია აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც მმართველი კოალიცია ქართული ოცნების მხარდაჭერის შემცირებასაც აჩვენებს.

იმ გამოკითხულთა 27%, ვინც აცხადებს რომ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ასეთი 56%-ია, თავის არჩევანში გადაუწყვეტელია; 6% ამბობს, რომ ის არცერთ პარტია არ დაუჭერს მხარს და 12% პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს, ნათქვამია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 27 მარტიდან 19 აპრილამდე პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვაში.

მმართველ კოალიცია ქართულ ოცნებას 24% მისცემდა ხმას, შემდეგ მოდიან საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები  – ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები, 16% და 5%-ით, შესაბამისად. საქართველოს პატრიოტთა ალიანსს 4% დაუჭერდა მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხოლო ლეიბოისტულ პარტიას – 3%.

საპარლამენტო არჩევნების თაობაზე მსგავსი შეკითხვა არ დასმულა 2014 წლის აგვისტოს ანალოგიურ კვლევაში, რომელიც იმ ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ჩატარდა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიგო; თუმცა ორივე კვლევაში რესპოდენტებს ჰკითხეს, თუ რომელი პარტია დგას მათ „შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“.

ამ შეკითხვას უკანასკნელ კვლევაში გამოკითხულთა 35%-მა უპასუხა, რომ „არცერთი პარტია“, რაც აგვისტოში არსებული 30%-დან გაზრდილი მაჩვენებელია; "პარტია ქართული ოცნება" (მმართველი კოალიციის წამყვანი პარტია) 21%-მა დაასახელა, აგვისტოს კვლევაში კოალიცია ქართული ოცნება, რომელშიც მაშინ ასევე შედიოდა პარტია თავისუფალი დემოკრატები, 42%-მა დაასახელა;  ნაციონალური მოძრაობა 13%-მა დაასახელა მასთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად, რაც სტატისტიკურად უცვლელი მაჩვენებელია შარშანდელი აგვისტოს შემდეგ.

„დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ, რადგან არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას,“ – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს დირექტორმა, „მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის ანიჭებს უპირატესობას. ეს თითოეულ პარტიას აძლევს საშუალებას, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი წელიწადნახევარი დაუთმოს მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვებას მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის გატარებით".

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ყველაზე მაღალი მოწონების რეიტინგი აქვს – 87%.

პოლიტიკოსებს შორის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს მოწონების რეიტინგებში 52%-ით, მას მოყვება ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია 51%-ით; პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 45%-ით; ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე 44%-ით და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 40%-ით.

გამოკითხულთა 59%-ს სჯერა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. რესპოდენტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ივანიშვილი ან პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს ოფიციალურ თანამდებობაზე (30%) ან საერთოდ არ ჩაერთოს გადაწყვეტილებები მიღების პროცესში (41%). მხოლოდ 6% სურს, რომ ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი იყოს და ამასთან, არ ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა.

კვლევა ასევე აჩვენებს ზოგიერთი ინსტიტუტის საქმიანობის მიმართ მოწონების შემცირებას. პოლიციის რეიტინგი 33%-მდე დაეცა 2010 წელს არსებული 60%-დან; რესპოდენტთა მხოლოდ 10% აფასებს დადებითად პარლამენტის საქმიანობას.

სამინისტროებს შორის ჯანდაცვის სამინისტროს მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს  – 43%; შემდეგ მოდის იუსტიციის სამინისტრო 26%-ით. ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა ყველაზე უარყოფითად ფასდება (6%).

კვლევა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 4 360 რესპონდენტის პირისპირ ინტერვიუს გზით შესრულდა და მისი  ცდომილების ზღვარი  +/- 2.3%-ია.

ეს რეიტინგები NDI-ის მიერ კვირის დასაწყისში გამოქვეყნებული იმ უფრო ფართო კვლევის ნაწილია, რომელიც აჩვენებს საზოგადოებრივ განწყობებს საკითხების ფართო სპექტრის მიმართ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)