საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა 19 მაისს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი „ძალიან მტკიცეა“ და „ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას“.
მან ეს განცხადება ავსტრიის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც 18–19 მაისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. პრეზიდენტი ფიშერი ასევე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
„საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა“, – უთხრა პატრიარქმა ავსტრიის პრეზიდენტს, „ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას“.
მან ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს და რუსეთს შორის, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის რთული ურთიერთობაა“.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა განაცხადა, რომ მან რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე 2013 წლის იანვარში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
„ჩემი აზრით, რუსეთს არ სჭირდება აფხაზეთი, რუსეთს სჭირდება მშვიდობიანი საქართველო“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)