Site icon Civil.ge

დონალდ ტუსკი საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის შანსების შესახებ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიის მომდევნო შეფასება საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ისეთივე „იმედისმომცემი“ იქნება, როგორც წინა ანგარიშში იყო, ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფა „სავსებით შესაძლებელია“ 2016 წელს. 

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში 2016 წელს უვიზოდ მოგზაურობას, ტუსკმა უპასუხა: „ყველაფერი მათ ძალისხმევაზე და მიზანდასახულობაზეა დამოკიდებული – რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუმცა ეს არ არის ფორმალური დაპირება, რადგანაც ჩვენ პროცესის შუაგულში ვართ, მაგრამ პროგრესი ორივე ქვეყანაში – საქართველოსა და უკრაინაში – ნამდვილად იმედისმომცემია“.

„დღეს რაც შემიძლია ვთქვა,  სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი შეფასება [ევროკომისიის] ალბათ ნოემბერში გვექნება და თუ პროგრესი ისეთივე იმედისმომცემი იქნება, როგორც დღეს, ვფიქრობ, 2016 წელს ეს სრულიად შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ტუსკმა.

ეს განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის 21–22 მაისის რიგის სამიტს უსწრებს წინ, სადაც საქართველოს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდა. თუმცა, რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არ არის მოსალოდნელი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით, განაცხადა, რომ დისკუსია რიგის სამიტის დეკლარაციის ტექსტზე კვლავ მიმდინარეობს და „შესაძლოა საბოლოო შტრიხები“ ტექსტში თავად სამიტის დროს გაკეთდეს.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთან და ასევე უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თაობაზე კომისიის ანგარიშის გათვალისწინებით, ჩვენ შევძლებთ ვაღიაროთ პოზიტიური განვითარებები ამ ქვეყნებში, შევძლებთ შევთანხმდეთ იმაზე, რომ თუ დარჩენილი ამოცანებიც შესრულდება  – და იქნება დათქმული გარკვეული საბოლოო ვადა, როდესაც კომისიამ პროგრესი ხელახლა უნდა შეაფასოს – და თუ ყველა საჭირო მოთხოვნა შესრულდება, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა რინკევიჩსმა 19 მაისს ბრიუსელში.

„რიგამ ძალიან ძლიერი სიგნალი უნდა გაგზავნოს. მე არ მაქვს კონკრეტულ კომენტარი ზუსტ ფორმულირებაზე, ვინაიდან ის ჯერაც მზადების პროცესშია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საჭირო და პოზიტიურ წახალისებას მივაღწევთ იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი“, – დასძინა მან.

ევროკომისიამ განაცხადა 8 მაისის ანგარიშში, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, საქართველოს  „კვლავ გასათვალისწინებელი აქვს დარჩენილი რეკომენდაციები“.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე შემდეგ ანგარიშს 2015 წლის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს.

თუმცა, ევროკომისიამ იქვე აღნიშნა, რომ „გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია მზად არის გადმოსწიოს შემდგომი ანგარიშის ვადები, თუკი გაგრძელდება სწრაფი წინსვლა… “.
  
ანგარიში აფასებს, თუ ასრულებს საქართველო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ამოცანებს ოთხი ბლოკის ფარგლებში, რომლებიც მოიცავს დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას; საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე საგარეო ურთიერთობებს და ფუნდამენტურ უფლებებს. ის ამ ამოცანებს  „შესრულებულად“, „თითქმის შესრულებულად“ ან „ნაწილობრივ შესრულებულად“ აფასებს.

ამოცანები, რომლებიც უკავშირდება დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრის ინტეგრირებულ მართვას, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, პერსონალური მონაცემების დაცვას, გადაადგილების თავისუფლებას, სამგზავრო და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემას, საერთაშორისიო თანამშრომლობას სისხლის სამართლის საკითხებში „შესრულებულად“ ითვლება.

ამოცანები მიგრაციის მართვის, ფულის გათეთრების, სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის და მოქალაქეთა უფლებების, მათ შორის უმცირესობების დაცვის კუთხით შეფასდა როგორც „თითქმის შესრულებული“.

თავშესაფართან, ადამიანთა ტრეფიკინგთან, კორუფციის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ამოცანები შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შესრულებული“.

რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ანგარიში მოუწოდებს საქართველოს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, გაატაროს სახელმწიფო სამსახურის რეფორმა და მიიღოს საერთაშირისო პრაქტიკის შესაბამისი კანონი სახელმწიფო სამსახურის შესახებ, განსაზღვროს პროფესიონალური და დეპოლიტიზებული სახელმწიფო სამსახურის სტანდარტები და კიდევ უფრო განამტკიცონ ინფორმატორების (whistle-blowers) რეალური დაცვა.
 
ნარკოტიკებთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ პროგრესის მიუხედავად, ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული პოლიტიკა „კვლავაც სადამსჯელო ზომებს ეყრდნობა და არა სარეაბილიტაციო ღონისძიებას“.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა უთხრა რადიო „თავისუფლებას“, რომ ევროკავშირმა „ცარიელი დაპირება“ არ უნდა გასცეს.   

„აღმოსავლეთ პარტნიორობა არ იყო წევრობის ოფიციალური, ფორმალური დაპირება“, – განაცხადა ტუსკმა, რომელიც პოლონეთის პრემიერ–მინისტრი იყო, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობა დაფუძნდა ექვსი წლის წინ პოლონეთის და შვედეთის ძლიერი მხარდაჭერით.

„ეს იდეა, ევროკავშირში წევრობის ოცნება სრულიად ახალია. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აქვთ უფლება, რომ ჰქონდეთ ოცნება, ასევე ევროპული ოცნება და ჩვენი მოვალეობაა – და ვფიქრობ, ეს ჩემი პირადი პასუხისმგებლობაცაა – რომ არ გავცეთ ცარიელი დაპირება, რომ ეს [წევრობა] შესაძლებელია ხვალ ან ზეგ, არამედ ვაჩვენოთ გზა ევროპისკენ – ვგულისხმობ, რომ შესაძლოა ეს არის იყოს წევრობა პროგნოზირებად მომავალში, არამედ გზა ევროპული სტანდარტებისკენ, ჩვენი კულტურული და პოლიტიკური თანამეგობრობისკენ“, – განაცხადა ტუსკმა.

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ სიმართლე ვთქვათ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ცარიელი დაპირებები მხოლოდ დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს ამ ქვეყნებისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)