Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი: ‘ველით, რომ უვიზო რეჟიმს შესაძლოა მომავალ წელს მივიღებთ’

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ უკვე მიღებულია და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნისთვის ეს რეჟიმი 2016 წლიდან ამოქმედდება მას შემდეგ, რაც წლის ბოლომდე „ტექნიკური პროცედურები“ დასრულდება.

„ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან მოკლე დროში. სულ რაღაც 6 თვეში ჩვენ არნახული პროგრესი გვქონდა და გეტყვით, რომ ეს იყო ძალიან დიდი ნახტომი წინ. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს რეალურად მიღწეული პროგრესის და რეფორმების გათვალისწინებით, რომ უვიზო რეჟიმი ჰქონდეს ჩვენს მოქალაქეებს“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე მისვლისას ხუთშაბათს საღამოს.

„რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული და ახლა დარჩენილია ტექნიკური პროცედურები, რომელიც  წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ასე რომ იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ უვიზოდ მიმოსვლის საშუალება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ჩვენ ველით, რომ უვიზო რეჟიმს შესაძლოა მომავალ წელს მივიღებთ. ჩვენ ვრჩებით ერთგულნი და ვაგრძელებთ რეფორმებს“, – დასძინა მან.

ლატვიის პრემიერ–მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ განუცხადა ჟურნალისტებს რიგის სამიტზე მისვლისას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავაც განაგრძობენ მუშაობას სამიტის დეკლარაციის საბოლოო პროექტზე. მისი თქმით, „კარგი ამბავი“ ის არის, რომ დეკლარაციაში ნათქვამი იქნება, რომ თუ ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე მომდევნო ანგარიშში, რომლის გამოქვეყნებაც წლის ბოლომდე არის მოსალოდნელი, აჩვენებს, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ქვეყანა მიიღებს უვიზო მიმოსვლის უფლებას მომავალი წლისთვის. „ასე რომ, ეს კარგი ამბავია საქართველოსთვის“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა განუცხადა ჟურნალისტებს რიგაში, რომ „როგორც კი კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, აღარ იარსებებს რაიმე დაბრკოლება“ ვიზების ლიბერალიზაციის გზაზე. მან ასევე განაცხადა, რომ იმედი აქვს „დაინახოს მკაფიო პერსპექტივა“ აღმოსავლეთ პარტიორობის ზოგიერთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან მნიშვნელოვანია ცოდნა იმისა, რომ „ევროკავშირის წევრობისკენ სვლა შესაძლებელი და მიღწევადია“.  

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რიგაში ჩასვლამდე ბუნდესტაგის დეპუტატებს განუცხადა 21 მაისს, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება. 

საქართველოს და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, მერკელმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანამ დიდი ძალისხმევა განახორციელა, მაგრამ „ეს ჯერ არ არის საკმარისი“ და საქართველოს და უკრაინას „კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი“ ამ თვალსაზრისით.

21 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიგაში ევროპის სოციალისტური პარტიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, რომელსაც ღარიბაშვილი თავმჯდომარეობს, ევროპის სოციალისტური პარტიის პარტნიორია.

21 მაისსვე გაიმართა რიგაში ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაც, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო; ნაციონალური მოძრაობა, რომლის თავმჯდომარეც სააკაშვილია, ევროპის სახალხო პარტიის პარტნიორია.

ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელია, საქართველოს ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ მისი თქმით, მან ვერ შეასრულა საჭირო კრიტერიუმები უვიზო რეჟიმის მისაღებად.

„საქართველოს მთავრობას სულ ფეხებზე ჰკიდია ივლიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში“, – განუცხადა 21 მაისს ქართველ ჟურნალისტებს სააკაშვილმა, რომელიც თბილისის მიერ იძებნება სხვადასხვა ბრალდებებით, რომელთაც ექს-პრეზიდენტი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, „თვითონ [მთავრობის წარმომადგენლები], თავის ნათესავები, ოჯახის წევრები ისედაც დადიან ევროპაში, ისვენებენ ევროპულ კურორტებზე. ის, რომ ხალხი დაიმშა, არ აქვს შემოსავალი, ის რომ ხალხს დაეკარგა სამუშაო ადგილები და ლუკმა პურის საშოვნელად მზად არიან ნებისმიერ ქვეყანაში წავიდნენ, ამ ბოლო შესაძლებლობასაც ართმევენ, თუმცა მე სულ არ მიხარია, რომ ქართველები ამისთვის წავიდნენ უცხოეთში… ევროპის სახალხო პარტიამ, რომლის სამიტზეც მე ვმონაწილეობდი და ჩვენი პარტია არის წევრი, იქ მივაღებინეთ რეზოლუცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი; მთავრობამ თუ არ გააკეთა, მარტო ოპოზიცია რას გააკეთებს?“.

„ერთი რაღაც უნდა გვესმოდეს – იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი დაიმშა, ქვეყანას არავინ არსად არ მიიღებს იმიტომ, რომ ყველას ეშინია, რომ ყველა გაცვივდება უცხოეთში, ეს ერთი; და მეორე, ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ევროკომისიამ განაცხადა 8 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, საქართველოს „კვლავ გასათვალისწინებელი აქვს დარჩენილი რეკომენდაციები“.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე შემდეგ ანგარიშს 2015 წლის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს.

თუმცა, ევროკომისიამ იქვე აღნიშნა, რომ „გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია მზად არის გადმოსწიოს შემდგომი ანგარიშის ვადები, თუკი გაგრძელდება სწრაფი წინსვლა… “.
  
ანგარიში აფასებს, თუ ასრულებს საქართველო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ამოცანებს ოთხი ბლოკის ფარგლებში, რომლებიც მოიცავს დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას; საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე საგარეო ურთიერთობებს და ფუნდამენტურ უფლებებს. ის ამ ამოცანებს  „შესრულებულად“, „თითქმის შესრულებულად“ ან „ნაწილობრივ შესრულებულად“ აფასებს.

ამოცანები, რომლებიც უკავშირდება დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრის ინტეგრირებულ მართვას, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, პერსონალური მონაცემების დაცვას, გადაადგილების თავისუფლებას, სამგზავრო და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემას, საერთაშორისიო თანამშრომლობას სისხლის სამართლის საკითხებში „შესრულებულად“ ითვლება.

ამოცანები მიგრაციის მართვის, ფულის გათეთრების, სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის და მოქალაქეთა უფლებების, მათ შორის უმცირესობების დაცვის კუთხით შეფასდა როგორც „თითქმის შესრულებული“.

თავშესაფართან, ადამიანთა ტრეფიკინგთან, კორუფციის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ამოცანები შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შესრულებული“.

რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ანგარიში მოუწოდებს საქართველოს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, გაატაროს სახელმწიფო სამსახურის რეფორმა და მიიღოს საერთაშირისო პრაქტიკის შესაბამისი კანონი სახელმწიფო სამსახურის შესახებ, განსაზღვროს პროფესიონალური და დეპოლიტიზებული სახელმწიფო სამსახურის სტანდარტები და კიდევ უფრო განამტკიცონ ინფორმატორების (whistle-blowers) რეალური დაცვა.
 
ნარკოტიკებთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ პროგრესის მიუხედავად, ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული პოლიტიკა „კვლავაც სადამსჯელო ზომებს ეყრდნობა და არა სარეაბილიტაციო ღონისძიებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)