Site icon Civil.ge

თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ქართველ სამხედროებს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ავღანეთში ქართველ სამხედროებს სტუმრობს. 

ეს მისი პირველი უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში თავდაცვის მინისტრი გახდა.

თავდაცვის მინისტრი ავღანეთში დისლოცირებულ ქართველ სამხედროებთან ერთად დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

„დღეს მინდა მივულოცო ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთიდან, სადაც ყველანი ერთად ვამტკიცებთ, რომ მთელი საქართველო ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად იბრძვის მსოფლიო უსაფრთხოების და დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა მან ვიდეო მიმართვაში ქაბულიდან, რომელიც თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 200 ჯარისკაცის მიერ ფიცის დადების ცერემონიის დროს აჩვენეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში. ღონისძიებას პრეზიდენტი, პრემიერ–მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველო, დაახლოებით, 885 სამედრო მოსამსახურით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში.

ქართველი სამხედროები მტკიცე მხარდაჭერის მისიის ბაზაზე ქაბულში, ასევე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე არიან განთავსებულნი.

ქართველი სამხედროების მოვალეობები უსაფრთხოებასა და სწრაფი რეაგირების ძალებზეა ფოკუსირებული.