Site icon Civil.ge

საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა



სამხედრო თვითმფრინავებმა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისს გადაუფრინეს. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველომ 26 მაისს თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა.

წინა წლების მსგავსად, სამხედრო აღლუმი წელსაც არ ჩატარდა, თუმცა სამხედრო კომპონენტი კვლავ წარმოდგენილი იყო, რადგანაც თბილისში და კიდევ 11 სხვა ქალაქში გამოიფინა სამხედრო ტექნიკა, ჯავშანმანქანქები და აღჭურვილობა, მათ შორის სახელმწიფო კომპანია „დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქცია.



თავისუფლების მოედანზე 26 მაისს სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ერთ–ერთი ძირითადი ღონისძიება იყო 200 ჯარისკაცის მიერ ფიცის დადების ცერემონია, რომელსაც პრეზიდენტი და მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი,  პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე დაესწრნენ.



თავისუფლების მოედანზე 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში პირველად მიიღეს მონაწილეობა ამერიკელმა სამხედროებმა. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ამერიკელი მედესანტეები, რომელთაც 24 მაისს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივი ორკვირიანი წვრთნები დაასრულეს; ისინი თავისუფლების მოედანზე ქართველ სამხედროებთან ერთად იდგნენ.



რუსთაველის გამზირის ხედი თავისუფლების მოედნიდან, 26 მაისი, 2015. ფოტო: პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაცია

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებებს. დღეს აქ მდგომნი, ჩვენი შთამომავლები, ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებებს,  სიძლიერესა და  გამთლიანებას მოესწრებიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის მოკლე გამოსვლაში ჯარისკაცების მიერ ფიცის დადების ცერემონიაზე თბილისში.



რუსთაველის გამზირი, თბილისი, 26 მაისი, 2015.  ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა თავის მიმართვაში  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი იქნება ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა თუ ეთნიკური ჯგუფისათვის. მე მჯერა, საქართველო გამთლიანდება და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებს შორის”.



სახელმწიფო კომპანია „დელტამ“ დამოუკიდებლობის დღეს პირველად წარმოადგინა საკუთარი წარმოების უპილოტო მოიერიშე ვერტმფრენი, 26 მაისი, 2015. ფოტო: Civil.ge

ცერემონიაზე დასწრების შემდეგ პრეზიდენტი მარგველაშვილი ქუთაისში გაემგზავრა, სადაც მე–2 ქვეითთა ბრიგადის ბაზას ესტუმრა. პრემიერ–მინისტრმა კი რუსთაველის გამზირზე გაისეირნა, სადაც სამინისტროებმა თავიანთი საქმიანობის ამსახველი გამოფენა მოაწყვეს.



საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია ვილნიუსში, 26 მაისი, 2015. ვილნიუსის საკათედრო მოედანზე ქართული დროშა გაშალეს, რომელსაც გარშემო 200–მეტრი სიგრძის ლიტვური დროშა ჰქონდა გარშემორტყმული. ცერემონიაში ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მიიღო მონაწილეობა. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლიტველი ხალხი ასევე გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს და მისი ხალხის გადაწყვეტილების მიმართ, ააშენონ ევროპული სახელმწიფო. ისევე როგორც ყოველთვის, ამ დღეს, თქვენი ეროვნული დროშა იფრიალებს ბევრ ადგილას აქ, ხოლო ვილნიუსში საქართველოს სიმბოლური დროშა ლიტვის გულის ფორმიანი დროშით გარშემორტყმული იქნება განთავსებული, როგორც სიმბოლო ჩვენს ქვეყნებს და მოქალაქეებს შორის ერთიანობისა“, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა თავისი ქართველი კოლეგისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში. ოფიციალური ფოტოები გადაღებულია რობერტას დაჩკუსის მიერ.

საქართველოს მიერ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგანაც 1921 წელს ბოლშევიკურმა არმიამ ქვეყანა დაიპყრო. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)