Site icon Civil.ge

სტიქიის საშიშროების გამო დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობის მონაკვეთზე სტიქიური პროცესების გააქტიურების საშიშროების გამო მოძრაობა შეიზღუდება, იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გზის ამ მონაკვეთზე 6 ივნისიდან 19:00 საათიდან 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ხოლო დღისით გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით იქნება დაშვებული.

რუსეთთან დამაკავშირებელი გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი თავისუფლად იმოძრავებს, აცხადებს საგზაო დეპარტამენტი.

2014 წელს დარიალის ხეობაში ორჯერ ჩამოწვა მეწყერი, რასაც მსხვერპლი მოყვა. 20 აგვისტოს მომხდარმა სტიქიამ გზის ორკილომეტრიანი მონაკვეთი დააზიანა, რაც ორჯერ აღემატებოდა იმავე ტერიტორიაზე 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყერით დაზიანებულ გზის მონაკვეთს. მეწყერმა ასევე დააზიანა გაზსადენი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურას.