Site icon Civil.ge

ალექსანდრე რონდელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

ალექსანდრე რონდელი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი და საერთაშორისო ურთიერთობების ღვაწლმოსილი მეცნიერი, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ალექსანდრე რონდელი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დისციპლინის ერთ–ერთი ფუძემდებელი იყო, 90–იან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა; 1997–2001 წლებში იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი იყო.

„ეს დიდი დანაკლისია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო წარმომადგენლებისთვის… თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი ოჯახისთვის“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, „სიტყვებით ვერ აღვწერთ, რა გააკეთა მან პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც მან სხვადასხვა ინსტიტუტებში თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის ათწლეულების განმავლობაში აღზარდა. ჩვენ ის დავკარგეთ, მაგრამ არ დაგვიკარგავს, როგორც ჩვენი ცხოვრების მოდელი“.