Site icon Civil.ge

წყალდიდობით გამოწვეული ზარალი თავდაპირველად შეფასებულზე ბევრად მეტია



გმირთა მოედანი, 15 ივნისი. ხელისუფლება მოედნის გაწმენდას ორშაბათს, ხოლო მოძრაობის აღდგენას სამშაბათიდან ვარაუდობს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

წყალდიდობით გამოწვეული ზარალი ბევრად მეტია, ვიდრე თავდაპირველად შეფასებული 40 მილიონი ლარი, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ორშაბათს.

ზარალის ზუსტი დაანგარიშება ჯერ არ დასრულებულა, განაცხადა მან.

თბილისის ცენტრალურ ადგილებში კვლავ გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ყველაზე მეტად დაზარალებულ ადგილებში, როგორიცაა ზოოპარკი, გმირთა მოედანი და სვანიძის ქუჩა მოხალისეების დიდი რაოდენობა მონაწილეობს გაწმენდით სამუშაოებში.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გმირთა მოედნის გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება და სამშაბათიდან ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა დრო დასჭირდება ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის მაგისტრალის აღდგენას, რომელიც ვაკე–საბურთალოს გზას გმირთა მოედანს უკავშირებს. თბილისის მერის თქმით, ამას დიდი დრო დასჭირდება.

ამ ორი ძირითადი გზის გადაკეტვას დედაქალაქის სხვა ქუჩებზე საცობები მოყვა, სადაც ამ გზების გაფუჭებამდეც გადატვირთული მოძრაობა იყო.

ორშაბათი დედაქალაქში უქმე დღედ არის გამოცხადებული და ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ  თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, არ იმოძრაონ მანქანებით.

15 ივნისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით, 10 დაკარგულად ითვლება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)