Site icon Civil.ge

თბილისის წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა


Sky Tech-ის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს ამირეჯიბის გზატკეცილი, ასევე ზოოპარკი და გმირთა მოედანი

თბილისის წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19–მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამშაბათს მზიურის დატბორილი პარკის ტერიტორიაზე სამი ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო ერთი მიცვალებული მდინარე მტკვარმა გარდაბნის ტერიტორიაზე გამორიყა. 

მზიურის პარკში ორი დაღუპული 15 ივნისსაც იპოვეს; იმავე დღეს სვანიძის ქუჩაზე მდებარე დატბორილ სახლში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

ვაკეში მდებარე სვანიძის ქუჩა ყველაზე მეტად დაზარალდა წყალდიდობის შედეგად და იქ ხუთი ადამიანი დაიღუპა. ოთხი ადამიანი დაიღუპა დატბორილ ზოოპარკში, რომელთა შორისაც სამი ზოოპარკის თანამშრომელი იყო.

19 გარდაცვლილიდან 17-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, ხოლო 2 გარდაცვლილის ვინაობის დადგენამდე, 6 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ.

დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები და გაწმენდითი სამუშაოები "უსაფრთხოების" მოტივებით დროებით შეჩერდა ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო; სამუშაოებში ჩართული მაშველები და მოხალისეები გაყვანილ იქნენ სტიქიის ლოკაციებიდან.

გმირთა მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რომლებიც გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო ორი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, საავტომობილო მოძრაობა სამშაბათს დილიდან აღდგენილია. 

გმირთა მოედნის ვაკე-საბურთალოს გზასთან დამაკავშირებელი ამირეჯიბის გზატკეცილი, რომელიც ადიდებულმა მდინარე ვერემ ყველაზე მეტად დააზიანა, კვლავ დაკეტილი რჩება და ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გასტანს მისი რეაბილიტაცია. საცობების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ავტომობილებით მოძრაობისგან თავი შეიკავონ

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)