Site icon Civil.ge

ევროკავშირი წყალდიდობის შედეგების დაძლევისთვის თბილისს 3.4 მილიონ ევროს გამოუყოფს



სვანიძის ქუჩა ვაკეში, რომელიც წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქუჩებს შორისაა, 14 ივნისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ევროკომისიამ განაცხადა, რომ თბილისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის 3 მილიონ ევრომდე გამოიყოფა.    

ევროკომისია ასევე უზრუნველყოფს 400 000 ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას ყველაზე დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. ეს დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს წითელ ჯვარსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაზარალებულებისთვის დახმარების, მათ შორის საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთების, საბნებისა და სამზარეულო კომპლექტების, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საშუალებების და სამედიცინო დახმარების მიწოდებაში, განაცხადა ევროკომისიამ 16 ივნისს.     

„ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზად არის, დაეხმაროს თბილისში დაზარალებულ ოჯახებს მათი სახლების აღდგენასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ სტიქიით დაზარალებულებს და ეს დახმარება ამის გამოხატულებაა“, – განაცხადა ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა.  

შემოწირულობამ მოქალაქეების და ბიზნეს კომპანიების მხრიდან 6 მილიონ ლარს მიაღწია, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამშაბათს საღამოს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 16 ივნისს, რომ წყალდიდობით გამოწვეული ზარალი „საკმაოდ სოლიდურია და ალბათ 100 მლნ ლარამდე იქნება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)