Site icon Civil.ge

პროტესტის ფონზე ღარიბაშვილი მიმართავს ზოოპარკის დირექტორს: ‘ეს არ არის თქვენი ბრალი’



მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დასაცავად, რომელიც პროკურატურამ მას შემდეგ დაკითხა, რაც დატბორილი ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა ერთი მამაკაცი იმსხვერპლა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

მთავრობის კანცელარიის წინ ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერი აქციის პარალელურად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ივნისს საღამოს საგანგებო შტაბის სხდომაზე განუცხადა სტიქიის შედეგად ნაწილობრივ განადგურებული ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძეს, რომ მას ბრალი არ მიუძღოდა იმაში, რომ წყალდიდობის დროს ვოლიერიდან გაქცეულმა ვეფხვმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა მას შემდეგ, რაც წინა დღეებში გაკეთდა განცხადებები, რომ მტაცებლებისგან საფრთხე მოსახლეობას აღარ ემუქრებოდა. 

მანამდე პოლიციაში გამართული შეხვედრის შემდეგ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა, რომ მისი „ბრალია“ ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოოპარკიდან დაკარგულად არცერთი მტაცებელი აღარ ითვლებოდა და მოსახლეობას შეეძლო უსაფრთხოდ ეგრძნო თავი.

დატბორილი ზოოპარკიდან გაქცეული თეთრი ვეფხვი 17 ივნისს ლაგუნა ვერეს მიმდებარე შენობაში  მამაკაცს თავს დაესხა და დაგლიჯა. მოგვიანებით პოლიციამ ვეფხვის ლიკვიდაცია განახორციელა.

გურიელიძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ბოდიში მოიხადა „ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით“ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. პროკურატურამ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება „სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე“.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციის მიწოდებით  სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია; ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია“, – განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.

პრესისთვის ამ განცხადების გაკეთების შემდეგ გურიელიძე თბილისის პროკურატურაში წავიდა, სადაც ის დაკითხვაზე იყო დაბარებული.

გურიელიძის ამ განცხადებამ, რომელიც მან პოლიციაში გამართული „შეხვედრის“ შემდეგ გააკეთა და განსაკუთრებით იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ზოოპარკის თანამშრომლები აკეთებდნენ ერთი დღით ადრე, რომლის თანახმადაც სულ ცოტა ერთი ვეფხვი იძებნებოდა, გამოიწვია ვარაუდები, რომ შესაძლოა მასზე ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას, რომ მას დანაშაული საკუთარ თავზე აეღო.

ამ ფაქტს მოყვა მთავრობის კანცელარიის წინ დაუგეგმავი საპროტესტი აქციის გამართვა.

გურიელიძის მხარდასაჭერად და იმ ფაქტის გასაპროტესტებლად, რომ, როგორც აქციის მონაწილეებს მიაჩნდათ, ხელისუფლება ცდილობდა ზოოპარკის დირექტორი განტევების ვაცად ექცია საკუთარი წარუმატებლობის გამო, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი შეიკრიბა მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციაზე, რომლის ორგანიზებაც Facebook–ით გავრცელებული მოწოდების შედეგად სპონტანურად მოხდა. 

საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როდესაც გურიელიძემ თბილისის მთავარი პროკურატურა დატოვა ოთხშაბათს საღამოს. მან განაცხადა, რომ გამომძიებლებმა მას იმ „შეცდომების“ შესახებ ჰკითხეს, რომლებიც გაქცეული ცხოველების აღრიცხვის დროს იქნა დაშვებული. პროკურატურამ განაცხადა, რომ ასევე იგეგმება შსს–ს თანამშრომლების და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლების დაკითხვა.

ჯერ კიდევ როცა მომიტინგეები კანცელარიის წინ იმყოფებოდნენ, როცა პრემიერ–მინისტრმა საგანგებო შტაბის სატელევიზიო შეხვედრა გამართა.   

შეხვედრას ზოოპარკის დირექტორიც ესწრებოდა.



მთავრობის კანცელარიის წინ გამართული აქციის მონაწილეებს ხელში ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ფოტოები უკავიათ, 17 ივნისი, 2015.  ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

შეხვედრაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა უარყო „ხმები“, რომ ხელისუფლება გურიელიძის დაკავებას გეგმავდა და შეაქო ის, როგორც „პროფესიონალი“. ღარიბაშვილმა ასევე უთხრა გურიელიძეს, რომ მას ბრალი არაფერში მიუძღვის.

 „მინდა ვუპასუხო იმ სპეკულაციებს და გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ თითქოს ბატონი ზურას დაკავებას გეგმავს ხელისუფლება. ეს არის აბსურდი და ამაზე საუბარი არის პირდაპირი პროვოკაცია და მცდელობა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოხალისეების, ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და აღნიშნა, რომ კანცელარიის წინ მიმდინარე აქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ამ აქციის ჩატარებისკენ ღიად არ მოუწოდებია.  

„თუ ვინმე იქნება ბატონი ზურას დამცველი, ერთ–ერთი პირველი ვიქნები მე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პროკურატურის მიერ ამ „ტრაგიკული“ ფაქტის გამოძიების დაწყება მისი ვალდებულება იყო და „ამაში უჩვეულო არაფერი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურები“.

„მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, – დასძინა მან.

როდესაც გურიელიძემ უთხრა პრემიერ–მინისტრს შეხვედრაზე, რომ მისი ბრალი იყო ცხოველების არასწორი დათვლა, რასაც ტრაგედია მოყვა, ღარიბაშვილმა უპასუხა: „არა, ამ ტრაგედიას თქვენ ნუ მიიწერთ, ძალიან გთხოვთ. ეს არ არის თქვენი ბრალი…ჩვენ ყველამ გადავიტანეთ ძალიან მძიმე დღეები; ასე რომ, მე აბსოლუტურად მესმის თქვენი“.

ზოოპარკის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი კვლავ დაკარგულად ითვლება.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი ვოლიერი ზოოპარკში კვლავ შლამითაა დაფარული და ჯერ კიდევ სანახავია იმყოფება, თუ არა იქ მკვდარი ვეფხვი.

მაგრამ სანამ ვეფხვი კვლავ დაკარგულად ითვლება, შესაძლებელია, რომ ის ცოცხალია და ქალაქში დადის.

17 ივნისს პოლიციამ რიგის და ფალიაშვილის ქუჩების კვეთას ალყა შემოარტყა მას შემდეგ, რაც მიიღო ინფორმაცია, რომ იქ ვეფხვს მოკრეს თვალი. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, პოლიციამ განაცხადა, რომ იქ ვერაფერს მიაგნო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)