Site icon Civil.ge

ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების ძებნა გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში ზოოპარკიდან დაკარგული ვეფხვისა და ზოლებიანი აფთრის მოსაძებნად სამონადირეო კლუბის წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომლებსაც პროფესიული ცოდნა, შესაბამის აღჭურვილობა გააჩნიათ და ასევე სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ჰყავთ.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ განაცხადა 18 ივნისს ბრიფინგზე, რომ ეს ჯგუფები რეაგირებას მოახდენენ როგორც კონკრეტულ შეტყობინებებზე, ისე „პოტენციურად საშიში ადგილების პატრულირებას“ განახორციელებენ. 

მას შემდეგ, რაც 17 ივნისს თეთრმა ვეფხვმა ლაგუნა ვერეს სიახლოვეს მდებარე შენობაში თავდასხმის შედეგად მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკარგული ცხოველების ძიების პროცესი აქტიურად გაგრძელდა.

მანამდე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ მხრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა თბილისის ცენტრში ვეფხვის ლიკვიდაციის შემდეგ, მან ბოდიში მოიხადა გაკეთებული განცხადების გამო. 

ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 13-14 ივნისის ღამით მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაკარგულად ვეფხვი და ზოლებიანი აფთარი ითვლება, რომელიც ადამიანისთვის საფრთხეს არ წამოადგენს, მაგრამ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ეს ცხოველები სტიქიამ იმსხვერპლა თუ ისინი დატბორვის დროს გაიქცნენ.