Site icon Civil.ge

ეროვნული ბანკის სისტემაში სადავო ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა სადავო საკანონმდებლო პაკეტის პლენალურ სხდომაზე განსახილველად გატანას, რომელიც ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა, თუმცა იმ პირობით, რომ ინიციატივის ავტორები გაითვალისწინებენ კრიტიკულ შენიშვნებს, რომლებიც ამ პაკეტის მიმართ მრავლად გამოითქვა.

ეს ინიციატივა პარლამენტში დაახლოებით ერთი თვის წინ დარეგისტრირდა ქართული ოცნების დეპუტატების საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურისა და მისი მოადგილის ნოდარ ებანოიძის ავტორობით.

ცვლილებათა პაკეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 25 ივნისს პირველად განიხილეს. სამსაათიანი მსჯელობის დროს მის მიმართ არაერთი კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციონერი დეპუტატების და ასევე საბანკო და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან; კრიტიკა ძირითადად დაგეგმილი რეფორმის კონსტიტუციასთან შესაძლო შეუსაბამობას, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნებთან წინააღმდეგობას, დაგეგმილი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მმართველი რგოლების ფორმირების წესსა და სააგენტოს უფლებამოსილებების ეროვნულ ბანკის ფუნქციებთან მკაფიო გამიჯვნის საჭიროებას ეხებოდა.

ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ, თუმცა მისგან დამოუკიდებელი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას, რომელსაც სრულად გადაეცემა კომერციული და არაკომერციული საფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის ფუნქციები, მათ შორის კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ლიცენზირების, შემოწმებისა და რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების უფლება, რაც ამჟამად ეროვნული ბანკის მოვალეობებში შედის.

ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ, რომ ეს ცვლილებები „პოლიტიკური“ მოტივებით არის განპირობებული, ერთ-ერთმა ინიციატორმა, თამაზ მეჭიაურმა საკომიტეტო მოსმენის დროს კიდევ ერთხელ აღიარა, რომ მისი აზრით, ეს მართლაც „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული ბანკის ამჟამინდელი „პოლიტიზირებული“ მმართველობის „დეპოლიტიზაციას“, რათა სისტემა გახდეს უფრო „გამჭირვალე“ და მან მოიპოვოს ნდობა. მან იქვე დასძინა, რომ მეტი გამჭირვალობის საჭიროებაში არ გულისხმობს საბანკო „ტრანსაქციებზე წვდომას“.

„ვის ხელშიც არის ეროვნული ბანკის მართვა მოქცეული, თვითონ ისინი არ სარგებლობენ საზოგადოების ნდობით. აქედან გამომდინარე ინფორმაციაზე წვდომა  ნდობით აღჭურვილ არცერთ ორგანოს არ გააჩნია. ამიტომ დადგა საჭიროება იმისა, რომ შექმნილიყო ისეთი მოდელი, რომელიც ადაპტირებულია მსოფლიოში და რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებდა იმ რეალობას, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში და მეორეს მხრივ, არ წავიდოდით ისეთი გზით, რომელიც ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ აირჩია, როცა სხვადასხვა ხერხებით ხდებოდა  განცხადებების დაწერა [თანამდებობიდან გასაშვებად]“, – განაცხადა მეჭიაურმა.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს  ეროვნული ბანკის „გამოშიგვნის“ პროცესი და ხელისუფლების ამოცანა არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის „დასუსტება“. ქადაგიძეს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა მმართველი კოალიციის კრიტიკის სამიზნე,  უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება; პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს და ასევე მიანიშნებს ვეტოს შესაძლო გამოყენების თაობაზე, განაცხადა, რომ ქადაგიძის შემცვლელის შესარჩევად ფართო კონსულტაციებს იწყებს.

„დაველოდოთ 7 თვე, იქნება [ეროვნული ბანკის] ახალი პრეზიდენტი და ამ სისტემას ნუ დავანგრევთ. როგორ ფიქრობთ ამ ნაბიჯების გადადგმა ლარის სტაბილურობას შეუწყობს ხელს? ეს პირდაპირ ურტყამს ფინანსურ სტაბილურობას“, – განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატმა მელიქიშვილმა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში საფინანსო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

„ეს არის პირდაპირი დაკვეთა, რომელიც მოდიოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან“, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან სერგო რატიანმა. 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღიად დაუჭირა მხარი ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის ინიციატივას და განაცხადა, რომ მის კრიტიკოსებს „ცუდად ესმით“ ამ ცვლილების არსი. ინიციატივა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ასევე მწვავედ გააკრიტიკეს ბიზნეს ასოციაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა დავით ონოფრიშვილმა, რომელმაც ოპოზიციაში გადასვლის გამო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თებერვალში დატოვა, განაცხადა, რომ მისი ფრაქცია მხარს არ დაუჭერს დაგეგმილ ცვლილებებს.

მისი თქმით, ინიციატივის მომზადებისას არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა ევროკავშირთან, რაც ეწინააღმდეგება ასოცირების დღის წესრიგს, რომელიც იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულებისთვის 2014-2016 წლებში უნდა განხორციელდეს.

ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, საქართველო და ევროკავშირი გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ „საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, მათ შორის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ცენტრალური ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვის კუთხით, რა დროსაც მოხდება ევროკავშირისგან, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკისგან, ექსპერტული მხარდაჭერა“. 

პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა არსებული „ნეგატიური პოზიციების“ მიუხედევად, საპარლამენტო კომიტეტების მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, „სამწუხარო“ უწოდა იმ ფაქტს, რომ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან თითქმის ერთი წლის თავზე დაირღვა ასოცირების დღის წესრიგი“.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ისე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ საკომიტეტო მოსმენის დროს განაცხადეს, რომ ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკი არის „ბანკთა ბანკი“, რომელიც „წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას“.

ინიციატორებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები არ გულისხმობს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს სრულად გამოყოფას და ამდენად, ის წინააღმდეგობაში არ მოვა კონსტიტუციასთან, თუმცა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ყველა შენიშვნა გაითვალისწინონ შესაძლო ანტიკონსტიტუციური დებულებების შესაცვლელად.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ის ინიციატორებს იმ „დუბლირებული ნორმების“ გამოსწორებისკენ მოუწოდებს, რომლებიც კანონპროექტში არაერთი იკითხება ეროვნულ ბანკსა და დაგეგმილ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებს შორის.

ვიდრე იმ დებულებების ნაწილს ჩამოთვლიდა, რომლის გაზიარებასაც ინიციატორები კანონპროექტის პირველი მოსმენისთვის გეგმავენ, თამაზ მეჭიაურმა საკომიტეტო სხდომაზე ხანმოკლე შესვენების გამოცხადება მოითხოვა კანონპროექტის თანაავტორთან პოზიციების შეჯერების მიზნით.

სხდომის განახლების შემდეგ მან განაცხადა, რომ იზიარებს საბანკო ასოციაციის წინადადებას, რომ 7-წევრიან საბჭოში, რომელიც ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მმართველი ორგანოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად შევიდეს ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთი წევრი და ასევე მთავრობის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. მან შესაძლო „ინტერესთა კონფლიქტის“ მოტივით უარყო წინადადება საბჭოში საბანკო ასოციაციის მიერ წარდგენილი წევრის შეყვანის თაობაზე.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი, ამ საბჭოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეყვანასთან ერთად ითვალისწინებდა პარლამენტის მიერ ექვსი წევრის არჩევას, რომელთა კანდიდატურებსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციები ან დეპუტატთა 6-კაციანი ჯგუფები წარადგენდნენ.

ასევე, თუ თავდაპირველ ვარიანტში ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს საბჭო ნიშნავდა, შენიშვნების გაზიარების შედეგად, მას საბჭოს წარდგინებით პარლამენტი დაამტკიცებს.

გაზიარებულ შენიშვნებს შორისაა, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდეს სრული წვდომა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების განსაზღვრის კუთხით – ეს ამჟამად ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ფუნქციაა.  ინიციატორებმა ასევე გაიზიარეს საბანკო ასოციაციის წინადადება, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებები გასაჩივრდეს არა სააგენტოს საბჭოში, როგორც ეს თავდაპირველ ვარიანტში იყო, არამედ პირდაპირ სასამართლოში.