პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის „ყოველთვის“ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო დებულების შემოღებას, რომლითაც ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა.
პირველად მან ეს ინიციატივა შარშან გაახმოვანა, როდესაც მთავრობამ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც პარლამენტმა 2014 წლის მაისში მიიღო.
საქართველოს კონსტიტუციის 36–ე მუხლის თანახმად, „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.
გაზეთ „ასავალ–დასავალის“ ინტერვიუში დასმულ კითხვაზე, უჭერს თუ არა ის კვლავ მხარს ერთსქესიანი ქორწინების კონსტიტუციურ აკრძალვას, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „აზრი არ შემიცვლია, ისევ იმ პოზიციაზე ვარ და ვიქნები ყოველთვის“.
„რაზე დგას ქართული სახელმწიფო? – ჩვენს სარწმუნოებაზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ოჯახის ინსტიტუტზე, რასაც თანამედროვე, ძლიერი საქართველო უნდა დაეფუძნოს. ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მწამს, რომ სწორედ ოჯახია ყველანაირი სიკეთის საწინდარი“, – განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც 29 ივნისს გამოქვეყნდა.
„ამდენად, მე, როგორც პრემიერ–მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. დღეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფო ამ საკითხს თავისებურად წყვეტს, ჩვეკ კი ვთვლით, რომ საქართველოში ეს საკითხი ასე უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.