Site icon Civil.ge

თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი 2–3 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

2 ივლისს ის მოლაპარაკებებს გამართავს თავის ქართველ კოლეგასთან, გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვის დაბადების დღესთან დაკავშირებით 29 ივნისს გაგზავნილ მისალოც ბარათში პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მომავალი ვიზიტი საქართველოში ძლიერ იმპულსს შესძენს ორმხრივ ურთიერთობებს. მოუთმენლად ველი თქვენთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობას  და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების განხილვას, რაც ამ თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანას შეუწყობს ხელს“.

თავისი თურქმენი კოლეგისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორმხრივმა ურთიერთობებმა „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო“.

„მჯერა, რომ ის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომელსაც საქართველო და თურქმენეთი ფლობს, მომავალში უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის ქვაკუთხედი გახდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი მარგველაშვილი თურქმენეთს 2014 წლის დეკემბერში სტუმრობდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)