მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით 2015 წლის 2 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართული აქცია. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც პირადი მოხმარებისთვის მცირე რაოდენობის მარიხუანას შენახვის დეკრიმინალიზაციას ახდენს, თუმცა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, გააუქმებს პატიმრობას, როგორც ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის ფორმას.
საქართველოს კანონმდებლობით, მცირე რაოდენობის მარიხუანას შენახვა პირადი მოხმარებისთვის, გასაღების მიზნით გარეშე, ადმინისტრაციული დანაშაულია და 500 ლარით ჯარიმდება.
განმეორებითი დანაშაული კი უკვე სისხლის სამართლის კოდექსით 1 წლამდე პატიმრობით ისჯება.
საქართველოს სამართლებრივი სისტემა ახდენს დიფერენცირებას ადმინისტრაციულ დანაშაულებს და სისხლის სამართლის დანაშაულებს შორის.
30 ივნისს თბილისში გამართული სხდომის დროს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, მცირე რაოდენობით მარიხუანას შენახვა და მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება, თუმცა ადმინისტრაციული წესით, 100 ლარიანი ჯარიმით დაისჯება.
დებატების დროს ხაჩიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მხოლოდ პატარა ნაბიჯია ლიბერალიზაციის მიმართულებით და მას ამ მინიმალისტურ მიდგომაზე მოუხდა შეჩერება, რადგანაც საკითხი სადავოა და უფრო თამამი ინიციატივა მეტ წინააღმდეგობას წააწყდებოდა დეპუტატების მხრიდან.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ასევე კოალიცია ქართული ოცნების ლიდერია, „მკვეთრად უარყოფითი“ პოზიცია გამოხატა მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამგვარ ნაბიჯს „სავალალო შედეგები“ მოყვება.
ქართული ოცნების ის დეპუტატები, რომლებიც საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ, ძირითადად, ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი ხაჩიძის კანონპროექტის მიმართ, თუმცა ამავდროულად, ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობდა, რომ არ იქნებოდა წინააღმდეგი, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ამ დანაშაულის სასჯელთა ზომიდან პატიმრობა ამოეღოთ.
მართალია დეპუტატებმა კანონპროექტის შემოთავაზებული ვერსია ჩააგდეს, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ ალტერნატივის სახით შესთავაზა კომიტეტის დასკვნაში იმის მითითება, რომ მცირე რაოდენობით მარიხუანას პირადი მოხმარება და შენახვა სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიაში დარჩეს, თუმცა გაუქმდეს ამისთვის სასჯელის სახით დაწესებული 1-წლიანი პატიმრობა.
დეპუტატმა ხაჩიძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ ის თანახმაა შეცვალოს კანონპროექტი კომიტეტის ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, რადგან ეს „პატარა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, თუ მას პარლამენტი მხარს დაუჭერს. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ გააგრძელებს საკითხის ლობირებას შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით.
2013 წლიდან, 2 ივნისს ყოველწლიურად ეწყობა თბილისსა და ზოგიერთ სხვა ქალაქში აქციები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით.
„2 ივნისის“ სახელწოდების მქონე აქტივისტების ჯგუფმა თავიანთ Facebook-ის გვერდზე დაწერეს: „ვფიქრობთ, ეს არის მთლიანად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპების დამკვიდრებისა და აღიარების პროცესის გაღრმავება ჩვენს ქვეყანაში. მივესალმებით ამ ნაბიჯს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტისგან, კანონპროექტის მოსმენები კი წინ არის ჯანდაცვის, იურიდიულ, საფინანსო კომიტეტებში, და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს პარლამენტში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)