თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და მისი ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში გამართული დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დროს, 2 ივლისი, 2015 წელი. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ორი ქვეყნის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანზიტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს 2 ივლისს თბილისში გამართული შეხვედრის დროს.
თურქმენეთის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.
„ეს თანამშრომლობა მომგებიანია არა მხოლოდ საქართველოსთვის და თურქმენეთისთვის, ეს თანამშრომლობა მომგებიანია რეგიონისთვის და უფრო გლობალურად, ევრაზიული რეგიონის მრავალი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა შეხვედრის შემდეგ, როცა მედიისთვის თავის თურქმენ კოლეგასთან ერთად განცხადება გააკეთა.
„ჩვენი ერთობლივი სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტები და მათი ხედვები იძლევა საშუალებას თურქმენეთის ჭარბი ენერგეტიკული რესურსის ტრანზიტისა ევროპის ბაზრებზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თურქმენეთის პრეზიდენტის განცხადებით, სატრანსპორტო–სატრანზიტო დერეფნის საკითხზე თანამშრომლობას დიდი პოტენციალი გააჩნია.
„სატრანსპორტო-სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის და ამ მიმართულებით ორი ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისათვის, მხარეებმა განიხილეს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ საქართველო და თურქმენეთი, თურქმენბაშის, ბათუმისა და ფოთის პორტების შესაძლებლობების ეფექტური გამოყენებით კონკურენტუნარიანობის ამაღლების პერსპექტივები“, – ნათქვამია პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.
„პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს თურქმენეთის გაწონასწორებული პოლიტიკის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია მსოფლიო ბაზრებზე მისი ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციის გზებისკენ. პრეზიდენტებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი კასპიის ზღვის ბასეინიდან ევროპის მიმართულებით ენერგომატარებლების მიწოდების მნიშვნელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
1 მაისს თურქეთის და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრები, თურქმენეთის ნახშირწყალბადის რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელი, ასევე ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, რომელიც ენერგეტიკული კავშირის საკითხებს კურირებს, აშხაბადში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ ემუშავათ სამართლებრივ ჩარჩო ხელშეკრულებაზე თურქმენეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისთვის საქართველოც მიიწვიეს იმ პროექტის სამართლებრივი, კომერციული, ტექნიკური და სხვა ასპექტების განსახილველად, რომლის საშუალებითაც მოხდება თურქმენული გაზის მიწოდება ევროპაში, აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით საქართველოზე გამავალი სამხრეთის დერეფნის საშუალებით.
ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა განუცხადა „როიტერს“ მაისში, რომ ევროკავშირი მოელის, რომ თურქმენული გაზის მიწოდება 2019 წლიდან დაიწყება.
„შევთანხმდით, რომ თურქმენეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და ევროკავშირის ფორმატში ვიმუშავებთ, და ასევე მოვიწვევთ საქართველოს, რადგანაც ის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა სამხრეთ გაზის დერეფნის თვალსაზრისით“, – განაცხადა მან.
იმავდროულად, თბილისმა და აშხაბადმა თანამშრომლობის ინტერესი გამოხატეს ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და საფეიქრო მრეწველობის სფეროებში.
მოლაპარაკებების ფარგლებში პრეზიდენტებმა ასევე ხაზი გაუსვეს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის და ავღანეთის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფისათვის ყველა პირობის შექმნის მნიშვნელობას.
„მხარეებმა დაადასტურეს საკუთარი დაინტერესება და მხარდაჭერა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მიერ ინიცირებული შეთანხმების მომზადების მიმართ, ტრანზიტის, ტრანსპორტის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას, თურქმენეთს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, საქართველოს და თურქეთს შორის. აღნიშნულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცევა მსხვილი რეგიონალური და რეგიონთაშორისი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების ერთობლივი განხორციელება“, – აცხადებენ საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტები.
გიორგი მარგველაშვილმა მოლაპარაკებების დროს მადლობა გადაუხადა თურქმენ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები განათლების, მეცნიერების, ხელოვნების და სპორტის სფეროებში; ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას ქართულ-თურქმენული მთავრობათაშორისი კომისიის შესახებ.
მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი „მძლავრ იმპულსად“ იქცევა და ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და განმტკიცებას.
გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა თავისი ქართველი კოლეგა, რომელიც აშხაბადს 2014 წლის ბოლოს სტუმრობდა, მიმდინარე წლის დეკემბერში კვლავაც დაპატიჟა თურქმენეთში "ნეიტრალიტეტის პოლიტიკის" შესახებ დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)