პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი ქუთაისში, 2015 წლის 3 ივლისი.
პარლამენტმა 3 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელთა ოჯახები სახელმწიფოსგან გაზრდილ კომპენსაციას მიიღებენ.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო დაღუპული პოლიციელის ოჯახი ერთჯერადად 100 000 ლარს მიიღებს, ხოლო ყოველთვიურად 1 000 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნება. ყოველთვიური ანაზღაურება 1991 წლიდან დაღუპული პოლიციელების ოჯახებს შეეხება.
ანალოგიური წესი გავრცელდება უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიმართ მას შემდეგ, რაც ეს სამსახური შსს-სგან გამოყოფის შედეგად აგვისტოდან ჩამოყალიბდება.
კომპენსაციების ანალოგიური სისტემა მთავრობამ პირველად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მიმართ 2013 წლის ივლისიდან დაადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)