Site icon Civil.ge

შსს: ორ სოფელში სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა მიზანმიმართული პროვოკაციაა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „მიზანმიმართულ პროცოკაციას“ უწოდებს 10 ივლისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების „უკანონოდ“ აღმართვას.

შსს-ს ინფორმაციით, ბანერები გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს  იქნა აღმართული; ამასთან, ორივე ტერიტორიის სიახლოვეს გადის ბაქო-სუფსას მილსადენი, რომლის გარკვეული ნაწილიც სოფელ ორჭოსანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

830-კილომეტრიანი ბაქო–სუფსის ნავთობსადენი, რომლის ოპერირებასაც კომპანია BP ახორციელებს და რომელიც დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სახელითაა ცნობილი, აზერბაიჯანიდან სუფსის ტერმინალისკენ გადის და დღეში 100 000–მდე ბარელი ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა აქვს.

ნავთობსადენის გარდა, ადგილობრივების განცხადებით, ამ  ქმედებით მათი სახნავ-სათესი მიწებიც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის მიღმა აღმოჩნდა. 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართულ პროვოკაციული ქმედების გამო, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია შსს-ის მიერ 11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)