პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან, აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის სიახლოვეს და იმ ტერიტორიაზე, სადაც კომპანია BP–ის მართული ბაქო–სუფსის ნავთობსადენი გადის, რუსეთის მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით „ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა“ საჭირო არ არის.
მისი თქმით, საქართველო ცდილობს, რომ რუსეთის „პროვოკაციას“ ყველა „საერთაშორისო ბერკეტით“ დაუპირისპირდეს.
„მე მინდა მოგიწოდოთ ყველას სიმშვიდისკენ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა 14 ივლისს, „საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს. მთავრობამ იცოდა, რას აკეთებდა და ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას“.
„ჩვენ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო ოკუპანტების გავლენის ქვეშ და არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ, ეს, მე მგონი, ყველასთვის ცნობილია. ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ განვაცხადეთ და სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქვედებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ნამდვილად გვსურს ნორმალიზება ურთიერთობების რუსეთთან, სწორედ დიალოგის გზით, სწორედ მოლაპარაკებების გზით ურთიერთობების დარეგულირება და ამ პროცესების დაწყება, რასაც ქვია დეოკუპაცია ტერიტორიების და კონტროლის აღდგენა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„ჩვენ საპასუხოდ ვხედავთ ასეთ პროვოკაციას, რომელიც არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, მითუმეტეს ჩემი წარმომადგენელი, ბატონი ზურაბ აბაშიძე დღეს გაემართა პრაღაში, ხვალ აქვს შეხვედრა კარასინთან“, – განაცხადა მან 15 ივლისს ორმხრივი პირდაპირი დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
„ამრიგად, აბსოლუტურად გაუგებარი და გაუმართლებელია ამგვარი ქმედება. მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდება ამგვარი პროვოკაციებით და ეს პროცესი შეჩერდება, ვინაიდან ეს არცერთ მხარეს არ წაადგება. ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს განვავითაროთ კონსტრუქციული, პრაგმატული ურთიერთობები და დიალოგის გზით მოვაგვაროთ და დავარეგულიროთ ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ პრინციპულები დავრჩებით ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ჩვენს ტერიტორიებს – ჩვენს აფხაზეთს და ჩვენს სამაჩაბლოს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ვიყენებთ და გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ბერკეტს“, – განაცხადა მან.
კომპანია BP–ს მიერ ოპერირებული 830-კილომეტრიანი ბაქო–სუფსის ნავთობსადენის იმ 1 605 მეტრიანი მონაკვეთის შესახებ კომენტირებისას, რომელიც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მიღმა მოექცა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს მილსადენი „არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსთვის“.
„მე აქვე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ და ჩვენი პარტნიორები გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მშვიდობიანი გზით მოგვარდეს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
თუ ბანერების აღმართვას ე.წ. საზღვრის მოწყობის ქმედებებიც მოყვება, მათ შორის მავთულხლართების გავლება, როგორც ეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ზოგიერთ სხვა ადგილას მოხდა, ადგილობრივები თავიანთი სასოფლო–სამეურნეო მიწებიდან მოწყვეტილები აღმოჩნდებიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შალვა ენუქიძემ განაცხადა 12 ივლისს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებთან საუბრისას, მათ დაარწმუნეს თბილისის წარმომადგენლები, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის აღების შესაძლებლობა მიეცემა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებზე, რომლებიც საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების მიღმა მოექცა.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე 13 ივლისს განაცხადა, რომ აშშ–ის პოზიცია სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით „ნათელი“ რჩება.
„ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის მიმართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, შეცვალოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი შესვლა უზრუნველყოს", – განაცხადა კირბიმ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)