რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თავის ქართველ კოლეგას დავით დონდუას სატელეფონო საუბარში, რაც ძალიან იშვიათად ხდება ორი ქვეყნის მაღალი რანგის დიპლომატებს შორის, განუცხადა, რომ თბილისის „პრეტენზიები“ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ქმედებების თაობაზე არასწორი მისამართით გაისმის და საქართველომ ეს საკითხი პირდაპირ ცხინვალთან უნდა დააყენოს.
13 ივლისს შემდგარი ამ სატელეფონო საუბრის შესახებ პირველმა განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შემდეგ ეს ფაქტი საქართველოს საგარეო უწყებამაც დაადასტურა.
დონდუა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო; ამ მოლაპარაკებებზე რუსულ მხარეს კარასინი წარმოადგენს, რომელიც იმავდროულად ჩართულია 2012 წლის ბოლოდან დაწყებულ პირდაპირ არაფორმალურ დიალოგში თბილისთან, სადაც ქართულ მხარეს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე წარმოადგენს. აბაშიძე და კარასინი მორიგ შეხვედრას 15 ივლისს პრაღაში მართავენ.
2012 წლის ბოლოდან ქართველ და რუს დიპლომატებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია აბაშიძესა და კარასინს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებს გარეთ ხორციელდება, ხოლო 13 ივლისს კარასინსა და დონდუას შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი პირველი ასეთი ტიპის კომუნიკაციაა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
დონდუამ 14 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან კარასინს დაურეკა ჟენევის დისკუსიებზე საქართველოს წარმომადგენლის რანგში, რათა გამოეთქვა „შეშფოთება და პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა გასულ პარასკევს, როდესაც ახალი ბანერები დაამონტაჟეს რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა“ აღმოსავლეთ–დასავლეთის მთავარი მაგისტრალის სიახლოვეს და იმ ტერიტორიაზე, სადაც კომპანია BP–ის მართული ბაქო–სუფსის ნავთობსადენის 1 605 მეტრიანი მონაკვეთი გადის.
„ვუთხარი, რომ ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს ჟენევაში კონსტრუქციულ დიალოგს“, – განაცხადა დონდუამ და დასძინა, რომ მან გააპროტესტა ახალი ბანერის 300 მეტრით გადმოწევა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ კარასინმა დონდუას სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ „ეს პრეტენზიები“ არასწორი მისამართით გამოითქმის.
„ნებისმიერი პრობლემა, რომელიც უკავშირდება საზღვრის ხაზის გავლებას, სამხრეთ ოსურ მხარესთან განხილვას ექვემდებარება, რომელსაც, სხვათა შორის, არაერთხელ განუცხადებია მზადყოფნა დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე დიალოგისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
„კარასინმა საქართველოში ატეხილი პროპაგანდისტული ხმაური დაახასიათა, როგორც გამოგონილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
„თბილისში ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი „საზღვრის გადაწევა“ არ არის და არ ყოფილა. უკვე დროა ქართული მხარე ჩამოყალიბდეს – აპირებს ის მიჰყვეს რუსეთთან ურთიერთობების გაჯანსაღების პოზიტიურ ლოგიკას თუ კვლავაც გააგრძელებს პროვოკაციულ გამოგონებებს, რომლებიც ყოველ ჯერზე უკან ხევს ორმხრივი [ურთიერთობების] ნორმალიზაციის პროცესს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა 14 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის უკანასკნელი ქმედებები წარმოადგენს „მცოცავი ანექსიის“ გაგრძელებას.
მის მოადგილესა და კარასინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის კომენტირებისას, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი ყველა შესაძლო „ფორმატს“ იყენებს საკითხის მოსაგვარებლად და ხაზი გასუვა იმ ფაქტს, რომ დონდუა და კარასინი ჟენევის დისკუსიებში თანამოსაუბრეები არიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)