Site icon Civil.ge

საწვავის რეალიზატორი ხუთი უმსხვილესი კომპანია 51.6 მლნ ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ქვეყნის ხუთი უმსხვილესი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მფლობელი კომპანია "შეთანხმებული ფასით" მოქმედებაში დაადანაშაულა და ჯამში 51.6 მლნ ლარით დააჯარიმა.

15 ივლისს საავტომობილო საწვავის სასაქონლო ბაზრის მოკვლევის შედეგების გამოცხადებისას, სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ განაცხადა, რომ 2008-2014 წლებში კომპანიები არღვევდნენ „კონკურენციის დაცვის პრინციპებს, კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი“.  საქმე ეხება კონკურენციის შესახებ 2012 წელს მიღებული კანონის მოთხოვნათა დარღვევას.

ფინანსური ჯარიმები, რომელიც შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს, დაეკისრათ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, „რომპეტროლ საქართველოს“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და „ლუკოილ-ჯორჯიას“.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, რომელსაც სრულად ფლობს ფირმა, სადაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარს“ 51%-იანი წილი აქვს, 14.38 მლნ ლარით დაჯარიმდა.

„სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, რომელიც „გალფის“ სახელწოდებით ოპერირებს ბენზინგასამართი სადგურების ქსელში,  11.26 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრა. ეს კომპანია დაკავშირებულია Petrocas Energy Group-თან, სადაც 49%-იანი წილის მფლობელია რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი“.

„რომპეტროლ ჯორჯია“, რომელსაც ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ყაზმუნაიგაზის“ კონტროლირებული KMG International-ი ფლობს, 10.84 მლნ ლარით დაჯარიმდა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესჯგუფის „ვისოლის“ ნაწილია, ჯარიმის სახით 10.42 მლნ ლარი დაეკისრა.

„ლუკოილ-ჯორჯია“, რომელიც რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ შვილობილი კომპანიაა, 4.74 მლნ ლარით დაჯარიმდა.

კიდევ სამი კომპანია, რომლებიც ძირითადად საწვავის საბითუმო ბაზარზე მოქმედებენ, ასევე დაჯარიმდნენ ჯამში დაახლოებით 3 მლნ ლარით: „L ოილი“  – 1.2 მლნ ლარით; ETI – 1.17 მლნ ლარით და "ბინული 1" – 654 445 ლარით. ეს სამი კომპანია იმ ნავთობით მოვაჭრეთა შორის არიან, რომელთა მიმართაც გამოძიებამ თებერვალში ეჭვი გადასახადებისგან თავის არიდებაში მიიტანა.

32 პატარა კომპანია, რომლებიც ასევე ოპერირებენ საწვავის ბაზარზე, 200 ათასი ლარით დაჯარიმდა თითოეული, კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, რომ იმ ხუთი კომპანიის პოზიცია, რომელთაც ყველაზე მსხვილი ჯარიმები დაეკისრათ, მდგომარეობს იმაში, რომ მათ კანონი კონკურენციის შესახებ არ დაურღვევიათ.

მას შემდეგ, რაც კომპანიები მიიღებენ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და შეისწავლიან მას, მთვრალაშვილის თქმით, ისინი გადაწყვეტენ მიიღონ სააგენტოს გადაწყვეტილება თუ გაასაჩივრონ სასამართლოში. მთვრალაშვილის თქმით, გასაჩივრების ალბათობა უფრო მაღალია.

კონკურენციის სააგენტომ განაცხადა, რომ ფინანსური ჯარიმების თაობაზე გადაწყვეტილებები გამომდინარეობს 2014 წლის ნოემბრიდან დაწყებული საავტომობილო საწვავის – ბენზინისა და დიზელის სასაქონლო ბაზრის მოკვლევიდან, რომელსაც 1 100-გვერდიანი ანგარიში მიეძღვნა. მოკვლევის მასალები, რომლებიც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, სააგენტოს მიერ ათ დღეში გამოქვეყნდება. თუმცა სააგენტომ ისიც განაცხადა, რომ მოკვლევის ცალკეული მონაკვეთები არ გასაჯაროვდება, ვინაიდან ის კომპანიების კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)