Site icon Civil.ge

„ვისოლი“ დაკისრებულ 10.4 მლნ ლარის ჯარიმას სადავოდ ხდის

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ უარყო საწვავის შეთანხმებულ ფასებზე ბრალდებები და განაცხადა, რომ ის ყველა შესაძლო სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლითაც საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 10.42 მლნ ლარით დააჯარიმა.

კომპანია იმ ხუთ უმსხვილეს საწვავის რეალიზატორ კომპანიას შორის არის, რომელთაც ჯამურად 51.6 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრათ „შეთანხმებული ფასით“ მოქმედების მოტივით.

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოში არის შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 16 ივლისს განაცხადა, რომ მრავალმილიონიანი ჯარიმის წინაშე მდგარი კომპანიები არ უნდა „დაიძაბონ“ და დასძინა, რომ „ეს არის აბსოლუტურად გამჭირვალე პროცესი“.

დანარჩენი ოთხი მსხვილი კომპანიაა: „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, რომელიც 14.38 მლნ ლარით დაჯარიმდა; „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, რომელიც „გალფის“ სახელწოდებით ოპერირებს ბენზინგასამართი სადგურების ქსელში,  რომელსაც 11.26 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრა; „რომპეტროლ ჯორჯია“, რომელიც 10.84 მლნ ლარით დაჯარიმდა; და „ლუკოილ-ჯორჯია“, რომელსაც 4.74 მლნ ლარის ჯარიმა განესაზღვრა.

„ჩვენ არ დაგვირღვევია „კონკურენციის შესახებ“ კანონის არცერთი მოთხოვნა“, – განაცხადა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ 16 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

„გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ საქმეზე 2015 წლის 8 ივლისს კონკურენციის სააგენტოში ჩატარდა შემაჯამებელი სხდომა ყველა მხარის მონაწილეობით, სადაც ჩვენ სააგენტოს წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია გადაწყვეტილების პროექტში ასახულ მათ მოსაზრებებთან დაკავშირებით. ჩვენდა სამწუხაროდ სააგენტომ არ გაიზიარა არცერთი ჩვენი ობიექტური არგუმენტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

„არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებებს და, ბუნებრივია,  შევეცდებით ჩვენი სიმართლის დამტკიცებას ჩვენდამი კანონით მონიჭებული გზებით“, აცხადებს კომპანია და იმავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ის ერთგულია კონკურენციის წესებისა და მოთხოვნების.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ საქართველოს უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფის, „ვისოლის“ ნაწილია, რომელიც საწვავის რეალიზაციასთან ერთად, ფლობს პროფილაქტიკების ქსელს; სამშენებლო და უძრავი ქონების ბიზნესს; სუპერმარკეტებისა და სწრაფი კვების ობიექტების ქსელს. ჯგუფის აქციების უმეტესობის მფლობელები ძმები, ლევან და სოსო ფხაკაძეები არიან.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“, რომელსაც სრულად ფლობს ფირმა, სადაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარს“ 51%-იანი წილი აქვს, და „რომპეტროლ ჯორჯიამ“, რომელსაც ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ყაზმუნაიგაზი“ აკონტროლებს, განაცხადეს, რომ ისინი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სწავლობენ და განცხადებებს მოგვიანებით გააკეთებენ. „სან პეტროლიუმ ჯორჯიამ“, რომელიც დაკავშირებულია Petrocas Energy Group-თან, სადაც 49%-იანი წილის მფლობელია რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი“, განაცხადა, რომ განცხადებას 17 ივლისს გაავრცელებს. რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ შვილობილი კომპანია „ლუკოილ-ჯორჯია“ კომენტარისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმების შესახებ კომენტარში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 16 ივლისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანიებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ხელი შეუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას საქართველოში. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მომხმარებლები, მათი ინტერესები, რა თქმა უნდა, კომპანიის ინტერესებიც, მაგრამ უნდა წავახალისოთ ჯანსაღი კონკურენცია. ეს, რა თქმა უნდა, იყო და არის ერთ–ერთი ვალდებულება, რომელიც ჩვენ ვიკისრეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით. ასე რომ მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად გამჭირვალე პროცესი“, – განაცხადა მან.  

„თუ კომპანიებს ექნებათ რაიმე პრეტენზიები და დავა გაგრძელდება სასამართლოში, ამ შემთხვევაში მთავრობა არ ერევა ამ პროცესში“, – აღნიშნა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)