Site icon Civil.ge

თბილისი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საარტილერიო წვრთნებს აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის საარტილერიო წვრთნები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც „პროვოკაციული ქმედება“, რომელიც „საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის 1 500 არტილერისტია ჩართული ორკვირიან წვრთნებში, რომელიც 15 ივლისს დაიწყო ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, დაღესტნისა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პოლიგონებზე. წვრთნებში გამოიყენება თვითმავალი ჰაუბიცები „Акация“, „Мста-С“ და „Мста-Б“,  ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები „Град“, „Торнадо-Г“ და „Ураган“, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „Штурм-С“ , ნაღმტყორცნები „Поднос“ და „Сани“.

„რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ივლისს და აღნიშნა, რომ ეს წვრთნები ასევე წინააღმდეგობაში მოდის 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ „სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და აღკვეთოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები“.

იმავე განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიმეორა შეშფოთება რუსი მესაზღვრეების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი „ბანერებს დამონტაჟების განახლების“ თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)