Site icon Civil.ge

ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად წარადგინეს



პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს ვახტანგ გომელაურს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარადგენს, 20 ივლისი, 2015 წელი. ფოტო: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია

შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იქნა წარდგენილი – უწყების, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებას 1 აგვისტოდან დაიწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სტრუქტურების გამოყოფის შედეგად.

39 წლის გომელაურს სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება ახალ თანამდებობაზე ექვსი წლით გასამწესებლად პარლამენტის თანხმობის მისაღებად, სადაც მმართველი ქართული ოცნება უმრავლესობით არის წარმოდგენილი.

დამტკიცების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური გახდება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამ თანამდებობაზე გომელაურის შემცვლელი ჯერ არ დაუსახელებია.

ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი გახდებოდა 2015 წლის იანვრიდან, გომელაურს ამავე სამინისტროში მოადგილის თანამდებობა ეკავა 2013 წლის გაზაფხულიდან.

მანამდე კი გომელაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

„მე მას 12 წელია ვიცნობ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ასევე ივანიშვილი კომპანიებში მუშაობდა, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა, „ვახო არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი ადამიანი, რაც მთავარი ის არის მაღალი პროფესიონალი, მან დაამტკიცა, რომ მას აქვს კარგი მენეჯერული თვისებები“.

პრემიერმა წარდგენისას ასევე განაცხადა, რომ გომელაური „ყველაფერს გააკეთებს“ იმისთვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „დიდი ნდობა მოიპოვოს“. 

„ვახო არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამჟამად შსს-ის სტრუქტურაში შემავალი შემდეგი დანაყოფები შევლენ: კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი – ამ უკანასკნელს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ევალება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)