Site icon Civil.ge

ნენსკრაჰესს იტალიური კომპანია ააშენებს

სვანეთში ნენსკრას 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებელ კომპანიად სამხრეთ კორეულმა კომპანიამ K Water-მა, რომელიც 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროექტის მთავარი ინვესტორია,  იტალიური კომპანია Salini Impregilo შეარჩია, განაცხადა საქართველოს საპარტნიორო ფონდმა 20 ივლისს.

ნენსკრაჰესის მშენებლობის დაწყება პირველად 2012 წლის აპრილში გამოცხადდა და ეს პროექტი ჩინურ კომპანიას  Sinohydro-ს უნდა განეხორციელებინა. თუმცა მოგვიანებით ჩინური კომპანია სამხრეთ კორეულმა K Water-მა ჩაანაცვლა, რომელზეც, როგორც პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ კომპანიაზე, არჩევანი სახელმწიფო საპარტნიორო ფონდმა 2014 წლის დეკემბერში შეაჩერა. 

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრაჰესი მდინარე ენგურის შენაკადზე აშენდება და მისი წლიური პოტენციური გამომუშავება 1,2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური, საპატრნიორო ფონდის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გამომუშავებას  2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი მთლიანად 2021 წელს დასრულდება.

მშენებლობისთვის შერჩეული იტალიური კომპანია, რომელიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს და 50-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, ნენსკრაჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს ზაფხულის ბოლოს დაიწყებს.