Site icon Civil.ge

პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელს ეწვევა



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, 2015 წლის 17 ივლისი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 21-23 ივლისს ბრუსელს ეწვევა, სადაც ნატოს შატბბინაში გამართავს შეხვედრებს, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.

ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან გამართავს ორმხრივ შეხვედრას და 22 ივლისს  ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს მიმართავს სიტყვით.

„გვექნება საუბარი ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს ნატოსთან. ჩვენ კი გვაინტერესებს ინტეგრაციის თემების დაჩქარება და ძალიან კონკრეტული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება პოლიტიკური და სხვა თვალსაზრისითაც“, – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს 20 ივლისს.

მისი თქმით, ეს ვიზიტი გარკვეულწილად ბუდაპეშტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მისი გამოსვლის "გაგრძელებაა“.

უსუფაშვილმა მაისში, თავის ამ გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველო ახლა ისევეა  მზად ნატოს წევრობისთვის, როგორც ზოგიერთი წევრი იყო მაშინ, როცა ალიანსში მიიწვიეს და ვარშავის 2016 წლის სამიტის დროს ნატომ ან წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მისცეს თბილისს, ან განაცხადოს, რომ MAP–ი აღარ არის წევრობის წინაპირობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)