Site icon Civil.ge

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს



ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი (მარცხნივ) და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (მარჯვნივ) პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, 20 ივლისი, 2015. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, რომელმაც ორშაბათს თბილისში ვიზიტი დაიწყო, შეაქო საქართველო, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „უდავო ლიდერი“ და დაგმო ცოტა ხნის წინ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან სადემარკაციო ნიშნების განთავსება და მას „პროვოკაცია“ უწოდა.

ტუსკი, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს, 20 ივლისს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა. 21 ივლისს მან პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა და საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

„საქართველომ განსაზღვრა საკუთარი როლი, როგორც ევროკავშირთან მჭიდროდ ასოცირებული პარტნიორისა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ძლიერი და მზარდია.  საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის უდავო ლიდერია. ეს არ არის პირფერობა, ეს ფაქტია“, – განაცხადა ტუსკმა პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთობლივ  პრესკონფერენციაზე. 

ტუსკმა, რომელიც თბილისს სომხეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ესტუმრა და 22 ივლისს აზერბაიჯანში გაემგზავრება, განაცხადა, რომ საქართველო „ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“.

„შესაძლოა ევროპა ვერ გაძლევთ ყველაფერს, რისი მიღებაც გსურთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც აკეთებს ამას, თუ ევროპას სხვებს შეადარებთ“, – განაცხადა მან.

ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტუსკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, რომ საქართველომ მეტი ძალისხმევა უნდა განახორციელოს ყველა იმ კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, რაც შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მისანიჭებლადაა საჭირო, თუმცა ასევე დაამატა საკუთარი შეხედულება და აღნიშნა, რომ „საქართველო რეალურად კარგადაა მომზადებული“.

კითხვაზე შესაძლებელი იქნება თუ არა უვიზო რეჟიმის მინიჭება 2016 წელს, ტუსკმა უპასუხა, რომ პირადად მას „ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნება“ აქვს ამგვარი გადაწყვეტილების სასარგებლოდ.

„ეს, რა თქმა უნდა, არ არის წარმატების გარანტია, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტად დავუჭერ მხარს, როდესაც საქმე ვიზების ლიბერალიზაციას მიადგება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ის და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან–კლოდ იუნკერი ამ თვალსაზრისით მზად არიან ყველანაირად დაუჭირონ მხარი ამ საკითხს.

მან განაცხადა, რომ „დიდი პროგრესია მიღწეული“ უვიზო რეჟიმისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების კუთხით.

„თუმცა უვიზო რეჟიმისკენ წინ წასაწევად მეტი რეფორმებია საჭირო“, – განაცხადა ტუსკმა.

„საქართველომ უნდა განაგრძოს თავდაუზოგავი მუშაობა რეფორმების განსახორციელებლად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციის, თავშესაფრის მინიჭების და ტრეფიკინგის სფეროებში“, – განაცხადა მან.

მას შემდეგ, რაც მან ევროკომისიის 2015 წლის მაისის ანგარიშში აღნიშნული ის სფეროები ჩამოთვალა, სადაც მეტი პროგრესია საჭირო, ტუსკმა განაგრძო: „ვიცი, რომ ეს ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლების ფორმალური პოზიციაა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად საქართველო კარგადაა მომზადებული“.

„აბროლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ამბიციურ სქემაში თქვენ წარმატებული იქნებით“, – განაცხადა ტუსკმა და გაიმეორა ევროკავშირის ადრინდელი გადაწყვეტილება, დააჩქაროს ევროკომისიის შემდეგი ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას; მომდევნო ანგარიში წლის ბოლომდე იგეგმება.

მან ასევე განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმება, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან შარშან მოაწერა ხელი, „გადამწყვეტ როლს ითამაშებს ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში“. 

„ჩვენ ვართ ამბიციურები იმიტომ, რომ გვინდა უზრუნველვყოთ, რომ ქართულმა  საზოგადოებამ რაც შეიძლება ადრე დაინახოს და იგრძნოს პოზიტიური ცვლილებები. ერთი ასეთი მაგალითია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭება“, – განაცხადა ტუსკმა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი აქტიურად მუშაობს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მარგველაშვილთან შეხვედრის დროს მათ ასევე იმსჯელეს „რთულ რეგიონალურ და საერთაშორისო კონტექტსზე“.

21 ივლისს ტუსკი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ რუსმა სამხედროებმა ახალი სადემარკაციო ნიშნები აღმართეს.

მან განაცხადა, რომ ამ ნიშნების განთავსება „არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით“.

„ეს აშკარა პროვოკაციაა და არ ეხმარება ნდობის აღდგენას იმ ძალისხმევის პროცესში, რომელიც სიტუაციის სტაბილიზაციისკენ და კონფლიქტის ხანგრძლივი მოგვარებისკენაა მიმართული“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დრო ძალიან მნიშვნელოვანია „ამ რთული დღის წესრიგის პირობებში“.

„საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის და ბუნებრივია, ჩემთვის პირადად, თითოეული აღმართული ნიშანი, რომელიც გამოხატავს ისტორიულ სამართლებრივ უსამართლობას ჩვენს ტერიტორიაზე, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, ყოველი გავლებული მავთულხლართი არის, იყო და მომავალშიც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. ჩვენ გვტკივა თითოეული ასეთი ფაქტი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ამავე დროს უმნიშვნელოვანესია ამ რთულ ვითარებაში შევინარჩუნოთ სტრატეგიული და  კარდინალური ხაზი და არა ემოციებით, არამედ მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან და ამ ტიპის ზეწოლასთან კოორდინირებული პასუხი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„ამ პასუხს გააჩნია რამდენიმე კომპონენტი“, – განაგრძო მან, „პირველი, ჩვენ დღეს ფაქტობრივად ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან გვესმის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარებისა და ჩვენი სუვერენიტეტის. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ზურგს უმაგრებს საქართველოს საერთაშორისო არენაზე. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც დასაწყისში მოგახსენეთ,  საქართველო არ ჩერდება და ვითარდება, იგი ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში, აკავშირებს სულ უფრო მეტ ქვეყანას აზიისა და ევროპის კონტინენტებზე და ხდება ქვეყანა, რომლის სტაბილურობა, განვითარება და სუვერენიტეტი არის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოთამაშეებისათვის, როგორც აზიაში, ისე ევროპაში. და ბოლოს, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ საზოგადოების კონსოლიდაციას იმ ღირებულების ირგვლივ, რასაც ქვია სიმშვიდე და ვითარების მშვიდი გადაწყვეტა, რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური სპეკულაცია ამ საკითხზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)