საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე ბრიუსელში, 22 ივლისს. ფოტო: ნატო
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მეტი სურს ნატოსგან ალიანსში ინტეგრაციის დასაჩქარებლად.
მან ეს განცხადება 22 ივლისს ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა; პარლამენტის თავმჯდომარე ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში ალიანსის წევრი სახელმწიფოების დიპლომატების წინაშე წარდგა სიტყვით.
„მე ჩვენს პარტნიორებს ძალიან მკაფიოდ მოვახსენე, რომ საქართველო მზად არის მეტისთვის, საქართველო თვლის, რომ მეტია საჭირო“, – განაცხადა უსუფაშვილმა 22 ივლისს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
„ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ ინდივიდუალურ სახელმწიფოებთან, ყველასთან, ვმუშაობთ ნატოს შტაბბინაში. ნატოს წევრი ძალიან ბევრი სახელმწიფო მოწადინებულია იმისთვის, რომ გადაიდგას უფრო მკაფიო ნაბიჯები – იქნება ეს MAP–ის მიმართულებით, თუ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებით; არიან სახელმწიფოები, რომელთაც სჭირდებათ დამატებითი არგუმენტები, მათთან საჭიროა დამატებითი მუშაობა იმისთვის, რომ მათ დაინახონ და დაიჯერონ, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელოვანი დაჩქარება საფრთხეს არ უქმნის რეგიონში სტაბილურობას და მათ საკუთარ უსაფრთხოებას“, – განაცხადა მან.
„ამ ნაწილში ჩვენ გვჭირდება სერიოზული მუშაობა… და ეს უნდა გავაგრძელოთ ჩვენ. ამას სჭირდება მუშაობა და არა მყვირალა განცხადებები და უპასუხისმგებლო მოქმედებები – ეს არის ერთადერთი პოლიტიკა, რაც თანხვედრაშია ნატოსთან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს დიპლომატებმა მხარი დაუჭირეს თბილისის პირდაპირი დიალოგის წარმოებას მოსკოვთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მონაწილეობით. ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები მთავრობას ამ ფორმატის გაუქმებისკენ მოუწოდებენ; ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს ფორმატი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მცდარ წარმოდგენას ქმნის.
„ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რასაც მეკითხებოდნენ, იყო ის, რომ ხომ არ აპირებს საქართველოს მთავრობა აბაშიძე–კარასინის ფორმატის გაუქმებას იმიტომ, რომ მათ ესმით ასეთი განცხადებები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან; ისინი თვლიან, რომ თუ ეს მოხდება და თუ მთავრობა გაწყვეტს ამ ძალიან მცირე, არცთუ ეფექტურ, მაგრამ აუცილებელ ხაზებს რუსეთთან ურთიერთობის, მაშინ ჩვენი საქმე გართულდება ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, MAP–ის მიღების თვალსაზრისით იმიტომ, რომ საქართველოსთვის MAP–ის მოცემა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ არის გააზრებული და მონდომებული ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ იმისათვის, რომ ხვალ ახალ კონფლიქტში შევიდნენ რუსეთთან – ეს ასე არ არის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ის, რაც ბოლო წლებში იქნა მიღწეული, როდესაც ჩვენ ვახერხებთ ჩვენი სტრატეგიული მიზნების და ამოცანებისკენ სვლას ისე, რომ დამატებით პრობლემებს არ ვუქმნით საკუთარ ქვეყანას და როდესაც სხვები გვიქმნიან დამატებით პრობლემას, ამის მოგვარებას ვცდილობთ იმავე გზებით და საშუალებებით, რაც არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანები – სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით“, – განაცხადა მან.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მომდევნო თვეში ეწვევა.
„ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე, ალიანსის ელჩები მიესალმნენ კარგ პროგრესს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს გაძლიერებასა და განვითარებაში“, – განაცხადა ნატომ 22 ივლისს გავრცელებულ პრეს-რელიზში.
„მოკავშირეებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატოს მისიებსა და ოპერაციებში შეტანილი დიდი წვლილისთვის, რამაც კიდევ უფრო განავითარა საქართველოს შესაძლებლობა მეკავშირე ძალების გვერდით ჰარმონიულად მუშაობის კუთხით. საქართველო ამჟამად მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
„გენერალური მდივნის მოადგილემ და მოკავშირე ელჩებმა შეაქეს საქართველო მისი მნიშვნელოვანი რეფორმების გამო და წაახალისეს ქვეყანა ამ ძალისხმევის გაგრძელებისკენ. უკანაკნელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან განვითარებული მოვლენების ფონზე, ელჩმა ვერშბოუმ კვლავაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრები ფარგლებში“, – განაცხადა ნატომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)