Site icon Civil.ge

საქართველო აშშ–ის ანგარიშში ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ

მიუხედავად „მნიშვნელოვანი ძალისხმევისა“, საქართველოს მთავრობა „სრულად არ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს“,  ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ, რომელიც 27 ივლისს გამოქვეყნდა.

შედეგად, საქართველო კვლავ მეორე ჯგუფში რჩება, სადაც ის 2012 წლის საანაგარიშო პერიოდში ჩამოქვეითდა მას შემდეგ, რაც წინა ანგარიშებში, ექვსი წლის მანძილზე მიყოლებით,  საქართველო „პირველ ჯგუფში“ ხვდებოდა – ეს უმაღლესი კატეგორიაა, რომელიც მართალია არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ დგას, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს. მესამე ჯგუფი ყველაზე დაბალი კატეგორიაა, რომელიც იმ ქვეყნებს ენიჭებათ, რომელთა მთავრობებიც სრულად არ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს და მნიშვნელოვან ძალისხმევასაც არ მიმართავან ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ახალი ანგარიშის თანახმად, რომელიც 2014 წლის მოვლენებს მოიცავს, გასულ წელს, 2013 წელთან შედარებით, გაიზარდა ტრეფიკინგთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება, ასეთ საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნა და განაჩენის დადგომა; დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ გაიზარდა ტრეფიკინგის საწინააღმდეგო მობილური ჯგუფების რაოდენობა, თუმცა აღნიშნავს, რომ „შეზღუდულმა საგამოძიებო შესაძლებლობებმა შეაფერხა ტრეფიკინგთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესი“. 

„საქართველო ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების და გოგონების, კერძოდ კი ქალების და გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის და მამაკაცების, ქალების და ბავშვების იძულებითი შრომის თვალსაზრისით ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროს, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანას წარმოადგენს“, – ნათქვამია ანგარიშში, „ქალები და გოგონები საქართველოდან ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში და გარკვეულწილად, ჩინეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და რუსეთში სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. ქალები აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლნი ხდებიან საქართველოს კომერციულ სექს ვაჭრობაში ბათუმის და გონიოს ტურისტულ ზონებში“.

ანგარიში აღნიშნავს, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მობილური ერთეულების ზოგიერთ წევრს თბილისსა და ბათუმში „არ აქვს საკმარისი საგამოძიებო უნარები“ და ამას გარდა, კარგად მომზადებული ქალი გამომძიებლების საკმარისი რაოდენობაც არ არსებობს, რათა მათ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის მსხვერპლნი დაკითხონ. დოკუმენტის თანახმად, გამომძიებლები მეტ ყურადღებას უთმობენ მსხვერლის დაკითხვის დროს სამხილების შეგროვებას, ვიდრე მათ გამოკითხვას იმის დადგენის მიზნით, იყვნენ თუ არა ისინი პოტენციური მსხვერპლი. თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ გაზარდა მსხვერპლის იდენტიფიცირებისკენ მიმართული ძალისხმევა.