Site icon Civil.ge

ქადაგიძე საბანკო ზედამხედველობის შესახებ ცვლილებებს აკრიტიკებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკრიტიკა სადავო ცვლილებები, რომელიც ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციას ართმევს, და მიესალმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განზრახვას, რომ ვეტო დაადოს მას.

„ამ კანონის ასეთი სახით მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს მთლიანად [საბანკო] სექტორს და უკვე აზარალებს ინვესტორების განწყობას“, – განუცხადა ქადაგიძემ ჟურნალისტებს 28 ივლისს.

„ეს კანონპროექტი არის დიდი საფრთხის შემცველი. ის, პირველ რიგში, სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისითაც კი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ვინაიდან არის უამრავი მუხლები, რომლებიც შეიძლება წაიკითხო სხვადასხვაგვარად, რაც სერიოზულ პრობლემას შექმნის სამომავლოდ. მე ვფიქრობ, რომ იგი კონსტიტუციასთან არის შეუსაბამობაში, შეუსაბამობაშია ასოცირების დღის წესრიგთან, კრიტიკის ქარცეცხლი გაიარა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან. ნათელია, რომ ამ კანონის მიღების ერთდაერთი მიზანია ეროვნული ბანკის დასუსტება, ეროვნული ბანკის გახლეჩა და ასევე საქართველოს პრეზიდენტის როლის შემცირება, როგორც კონსტიტუციური გარანტის და ძალთა ბალანსის გარანტის“, – განაცხადა მან; კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების წარდგენასა და დანიშვნაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენი პოზიცია საჯაროდაც ცნობილია – ეს კანონი არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და ამ კანონის ამ ფორმით მიღება არ შეიძლება. არც ერთი თავმოყვარე ეკონომისტი დადებითად არ აფასებს ამ პროექტს“, – განაცხადა ქადაგიძემ.

პრეზიდენტს კანონპროექტისთვის ჯერ ოფიციალურად ვეტო არ დაუდია. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შენიშვნებზე მუშაობს, რაც ასევე მოიცავს ალტერნატიული კანონპროექტის მომზადებას. ეს იმას ნიშნავს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება მოსალოდნელია. კოალიცია ქართულ ოცნებას საკმარისი ხმები აქვს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.

„რა თქმა უნდა, მივესალმებით პრეზიდენტის ვეტოს, რომელიც მოსალოდნელია. ვფიქრობთ რომ პრეზიდენტის ვეტო არის კიდევ ერთი შესაძლებლობა პარლამენტის წევრებისთვის, გადახედონ თავის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდა კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შენიშვნებთან დაკავშირებით.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 28 ივლისს, რომ მიღებული კანონი „არის ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონი“. მან კანონის მიმართ გამოთქმულო კრიტიკას „სპეკულაცია“ უწოდა, რომელიც „ფაქტიურად ამ პროცესის შეჩერებას ისახავს მიზნად“.

მართალია კანონპროექტში ცვლილებები შევიდა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 16 ივლისს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ეროვნულ ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციას ჩამორთვევის ძირითადი პრინციპი უცვლელი დარჩა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD), აზიის განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა განაცხადეს, რომ „საქართველოს შემთხვევაში, ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ჩამორთმევა გონივრულად არ მიიჩნევა“.