Site icon Civil.ge

შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების ახალი მინისტრები დაინიშნენ


პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი მღებრიშვილის (მარცხნივ) შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად და კახი კახიშვილის (მარჯვნივ) სასჯელაღსრულების ახალ მინისტრად დანიშვნის შესახებ აკეთებს განცხადებას, 1 აგვისტო, 2015. ფოტო: მთავრობის პრესსამსახური

გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის თანამდებობა ეკავა, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად დაინიშნა.

კახი კახიშვილი, რომელსაც 2014 წლის ოქტომბრიდან მღებრიშვილის მოადგილის თანამდებობა ეკავა სასჯელაღსრულების სამინისტროში, ამავე სამინისტროში მინიტრის პორტფელს ჩაიბარებს. 

45 წლის მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური შეცვალა; ეს უკანასკნელი პარლამენტმა 22 ივლისს ექვსწლიანი ვადით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაამტკიცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად 1 აგვისტოს ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც დაზვერვის და უსაფრთხოების სტრუქტურები შსს–ს გამოეყო.

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მსახურობდა. მანამდე ის ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო 2013 წლის დეკემბრიდან.

1998–2004 წლებში მღებრიშვილი გამომძიებელი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში და შემდეგ 2007 წლამდე ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლის თანამდებობა ეკავა. 2007–2012 წლებში მას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა; 2012 წლის ნოემბერში ის დააწინაურეს და საბაჟო დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს. 2013 წლის ნოემბრამდე მას რამდენიმე თვით შსს–ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. 

„გოგა [გიორგი მღებრიშვილი] იყო მართლაც წარმატებული მინისტრი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 აგვისტოს ახალი მინისტრების წარდგენისას. „სასჯელაღსრულების სისტემაში ჩვენ ყველაზე რადიკალური რეფორმა განვახორციელეთ… სასჯელაღსრულების სისტემაში აღმოიფხვრა მთლიანად ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, წამება, სისასტიკე, ასევე ღირსების შემლახველი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო სააკაშვილის დროს“.

მან ასევე შეაქო მღებრიშვილი, როგორც „წესიერი“ ადამიანი და „ძლიერი მენეჯერი, რომელიც კარგად იცნობს სისტემას და ზუსტად იცის, რა სჭირდება დღევანდელ ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს პოლიციელებს“.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ის განაგრძობს შსს–ს რეფორმირების პროცესს და ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მღებრიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობა მისთვის „ძალიან დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა“.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 42 წლის კახი კახიშვილის დანიშვნა სასჯელაღსრულების ახალ მინისტრად არის „მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება, ეს სისტემა კიდევ უფრო ღია და გამჭირვალე გახდება ყველასთვის და ახალ ეტაპზე გადავა ის რეფორმები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ“.

კახიშვილმა განაცხადა: „24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ მხოლოდ იმისთვის, რომ, ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ, მეორეს მხრივ, აუცილებლად ვუზრუნველყოთ თითოეული ადამიანის უფლებების რეალიზება პენიტენციალურ დაწესებულებებში“.

ეს ახალი დანიშვნები მთავრობაში პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებას არ მოითხოვს. ნდობის გამოცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ 20–წევრიანი მთავრობის ერთ მესამედზე მეტი იცვლება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)