უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ოპოზიციური დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
„2015 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით უკრაინის უშიშროების სამსახურს არ მიუღია გადაწყვეტილება დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, ნინო ბურჯაბაძისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის თაობაზე“, – განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსპიკერმა ოლენა გიტლიანსკამ 3 აგვისტოს Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინულმა მედია საშუალებამ „უკრაინსკა პრავდამ“ და ზოგიერთმა ქართულმა მედია წყარომ განაცხადეს 3 აგვისტოს, რომ ბურჯანაძე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის გაკეთება უშიშროების სამსახურს სთხოვა ყირიმთან დაკავშირებით ბურჯანაძის პოზიციის გამო.
ბურჯანაძემ განაცხადა რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში და შემდეგ გაიმეორა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუშ8ი 15 აპრილს: „ყირიმი დაივიწყა საერთაშორისო თანამეგობრობამ; დღეს არის ფაქტი, რომ ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და ყირიმი აღარასოდეს აღარ გახდება უკრაინის შემადგენელი ნაწილი“. მან იგივე პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა რუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში 11 ივლისს, როდესაც ის მოსკოვს სტუმრობდა, სადაც რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
მას შემდეგ, რაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა უარყო, რომ ბურჯანაძე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინებოდა, რომ უშიშროების სამსახურმა შესაძლოა მაინც მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რადგანაც შესაბამისი თხოვნით მას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ თვეს მიმართა. „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, არ არსებობს რაიმე ვადები, რომლის ფარგლებშიც უშიშროების სამსახურმა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.