Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6%–მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 6%–მდე გაზარდა და ამის მიზეზად „ინფლაციის მოლოდინების“ ზრდა დაასახელა.

წლიური ინფლაციის დონემ ივლისში 4.9% შეადგინა მას შემდეგ, რაც ივნისში 4.5%–იანი ინფლაცია დაფიქსირდა. ბოლო ოთხი წლის მანძილზე ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ივლისის წლიური ინფლაცია ეროვნული ბანკის 5%–იან სამიზნე მაჩვენებელს შეესაბამებოდა.

2015 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონემ 5%–იან სამიზნე მაჩვენებელს „შესაძლოა მცირედით გადააჭარბოს“, განაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 12 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, საგარეო და საშინაო მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება.

მან ასევე გაიმეორა ადრინდელი პროგნოზი მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების თაობაზე და განაცხადა, რომ რეფინანსების განაკვეთი წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ 6.5%–ის ფარგლებში იქნება, „თუ არ გამოიკვეთა დამატებითი შოკები“.

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ შიდა ფაქტორებიდან, რომელიც გარე ფაქტორებთან ერთად უარყოფით გავლენას ახდენს მოლოდინებზე, „აღსანიშნავია ეროვნული ბანკის პოლიტიკის დისკრედიტაციის მცდელობა“.

ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომლის შვიწლიანი ვადაც ამ პოსტზე 2016 წლის თებერვალში იწურება, ლარის გაუფასურების შემდეგ ხშირად გამხდარა კოალიცია ქართული ოცნების  თავდასხმების სამიზნე.

ქადაგიძემ უთხრა ჟურნალისტებს 12 აგვისტოს, რომ „უკვე ტრადიციად იქცა მთავრობის სხვადასხვა წევრების და კოალიციის ლიდერების ყოვლად უარგუმენტო და ხშირ შემთხვევაში კომიკური ბრალდებები“.

„ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან მავნებელი ჩვენი ეკონომიკისთვის“, – განაცხადა მან.

12 აგვისტოს მდგომარეობით ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში საკუთარი ღირებულების 31.6% დაკარგა 2014 წლის ნოემბრის შემდეგ, ძირითადად, აშშ დოლარის გამყარების და ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირების ხარჯზე.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც თებერვალში რეფინანსირების განაკვეთი 4%–დან 4.5%–მდე გაზარდა, რასაც მოყვა შემდეგი ზრდა მაისში 5%–მდე და ივლისში 5.5%–მდე.  
 
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 23 სექტემბერს გაიმართება.