ევროპის საბჭოს ჯგუფმა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მონიტორინგს ახორციელებს, განაცხადა რომ მიუხედავად 2013 წლის შემდეგ მიღწეული გარკვეული პროგრესისა, საქართველომ მხოლოდ „ნაწილობრივ“ შეასრულა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭირვალობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) 11 აგვისტოს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს მიერ ანტიკორუფციულ კანონმდებლობასთან და პარტიების დაფინანსების გამჭირვალობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება.
2011 წელს GRECO–მ საქართველოს ამ ორი მიმართულებით მთელი რიგი რეკომენდაციები შესთავაზა, რომელთა შესრულების პირველი შეფასება 2013 წელს გაკეთდა, ხოლო ახალი ანგარიში 2013 წლის ივლისიდან 2015 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, მართალია ანტიკორუფციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებული ხუთივე რეკომენდაცია შესრულდა, მაგრამ პარტიების დაფინანსების გამჭირვალობის თაობაზე ათი რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი განხორციელდა.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს. აღნიშნა რა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“, GRECO–მ ამ სამსახურის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებისკენ და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების უფრო აქტიური გამოძიებისკენ, ასევე საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების უფრო ეფექტური აღკვეთისკენ მოუწოდა.
„როგორც ჩანს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა მხოლოდ ნაწილობრივ მოაგვარა ის წუხილები, რომლებიც GRECO–ს რეკომენდაციებშია ასახული. მაგალითად, მართალია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა მიღწეულია არა მხოლოდ საკანონმდებლო კუთხით, არამედ პრაქტიკაშიც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოვალეობების სრული სპექტრი არ იქნა ასახული შესაბამის სამართლებრივ აქტებში და მისი გამოცდილება და შესაძლებლობები ამ სფეროში შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს“.
„სხვა მნიშვნელოვან წუხილებს შორის არის იმის საჭიროება, რომ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების შემთხვევების უფრო ეფექტური აღკვეთა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების დარღვევების უფრო აქტიური გამოძიება და მათი უფრო ეფექტური, პროპორციული, შემაკავებელი და დროული სანქციები, რომლებიც შეეხება ყველა იმ პირს/სუბიექტს, რომელთაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი და საარჩევნო კოდექსი ვალდებულებს აკისრებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს ხელისუფლებამ ინფორმაცია დარჩენილი რეკომენდაციების განხორციელების შესახებ GRECO-ს 2016 წლის მარტის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)