Site icon Civil.ge

რუსეთმა სანქცირებული ქვეყნების გაფართოებულ სიაში საქართველო არ შეიყვანა

რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო იმ ქვეყნების გაფართოებულ სიაში არ შეიყვანა, რომელთაც რუსეთში სასოფლო–სამეურნეო და საკვები პროდუქტების შეტანა აეკრძალათ, რადგანაც „საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ რუსეთის მიმართ განხორციელებული ზომები უმნიშვნელოა“.

რუსეთმა იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც საკვების, მათ შორის ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების, ხილის და ბოსტნეულის შეტანა აიკრძალა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ალბანეთი და მონტენეგრო შეიყვანა, რადგანაც ეს ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ. რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა 13 აგვისტოს, რომ ეს აკრძალვა უკრაინასაც შეეხება 2016 წლის იანვრიდან იმ შემთხვევაში, თუ კიევსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შევა ძალაში.

შარშან ალბანეთთან, მონტენეგროსთან, ისლანდიასთან, ლიხტენშტაინთან, ნორვეგიასთან და უკრაინასთან ერთად საქართველო ევროკავშირის ერთ–ერთ სანქციას შეუერთდა, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ეხება. ეს ქვეყნები, საქართველოს გარდა, ასევე შეუერთდნენ ევროკავშირის სხვა სანქციებსაც, რომლებიც რუსეთის წამყვან სახელმწიფო ბანკებზე, ასევე ენერგეტიკის და სამხედრო სფეროებში ტექნოლოგიების მიწოდებაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ყირიმიდან იმპორტის აკრძალვა ერთი წლით, 2016 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა, საქართველო კვლავ მიერთებული დარჩა ამ სანქციაზე.

„ამ მომენტში რუსეთს და საქართველოს არ აქვთ აქტიური ურთიერთობები და მაღალი [სავაჭრო] ბრუნვა“, – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები რუსეთის მთავრობის პრესრელიზზე დაყრდნობით, „სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ რუსეთის მიმართ განხორციელებული ზომები უმნიშვნელოა. ამის გამო, გადაწყდა, რომ არ არის საჭირო ამ ქვეყნის [საქართველოს] შეყვანა იმ ქვეყნების და მწარმოებლების სიაში, რომელთაც ზოგიერთი სასოფლო–სამეურნეო პროდუქტის [რუსეთში] შეტანა აეკრძალათ“.

რუსეთის გადაწყვეტილების კომენტირებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა ჟურნალისტებს 14 აგვისტოს თბილისში: „ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვარჩიოთ ბაზრები, სად ვიმუშავოთ და სად არა. ყველა ბაზარი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველომ და ცხადია, რომ რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების ბაზრებიც საინტერესოა ამ თვალსაზრისით“.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი ბაზარი, მათ შორის რუსული, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და დასძინა, რომ „დივერსიფიკაცია არის თანაბრად პრიორიტეტული“.

„ნებისმიერი დადებითი გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია“, – დასძინა მან.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა: „საქართველოს გონივრული და პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ გავყოთ ერთმანეთისგან საკითხები, რომლებიც გვარდება რუსეთთან და რომლებიც ვერ გვარდება რუსეთთან. იქ, სადაც მოგვარებადია სიტუაცია, ჩვენ ვთვლით, რომ ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, რომელიც დააზარალებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკა, რომელიც გადახედილი პოლიტიკაა რუსეთთან მიმართებაში, ამან შედეგი გამოიღო და საქართველო განაგრძობს სავაჭრო ურთიერთობებს და სხვა ისეთ ურთიერთობებს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს“.

რუსეთის მიერ სავაჭრო ემბარგოს მოხსნის შემდეგ, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2013 წელს ოთხჯერ გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით და 190.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წელს რუსეთში  ექსპორტი 44%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 274.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტის 9.6%–ს შეადგენდა.

მაგრამ რუსეთში არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მეზობლებზეც იმოქმედა, მათ შორის საქართველოზეც, საიდანაც ექსპორტმა რუსეთში ორჯერ იკლო 2015 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით  და 70.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)