Site icon Civil.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა



აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ეშტონ კარტერი თავის ქართველ კოლეგას თინა ხიდაშელს მასპინძლობს 2015 წლის 18 აგვისტოს პენტაგონში, რომლის დროსაც აშშ-ის არმიის გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის პორტრეტზე მიუთითებს.  ქართულ ოჯახში ვარშავაში დაბადებული შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტს 1993-97 წლებში ხელმძღვანელობდა. აშშ-ის თავდაცვის უწყების ფოტო.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს შეხვდა 18 აგვისტოს და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობები განიხილა, განაცხადა პენტაგონმა.

ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის რანგში პირველ ვიზიტს ახორციელებს შეერთებულ შტატებში; მას ასევე თან ახლავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ თავდაცვის მდივანმა კარტერმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ავღანეთში ნატო-ს მისიაში მონაწილეობისთვის, სადაც საქართველო სიდიდით მეორე სამხედრო კონტინგენტით არის წარმოდგენილი.

პენტაგონის ცნობით, კარტერმა „ხაზი გაუსვა რომ აშშ, მოკავშირეებთან ერთად, ერთგული რჩება საქართველოს მხარდაჭერისადმი  ნატო-საქართველოს კომისიისა და 2014 წლის უელსის სამიტზე შეთანხმებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში“.

„ლიდერებმა მიმოიხილეს  უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მიმდინარე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მათ შორის 2015 წლისთვის დამატებით 20 მლნ აშშ დოლარის  გამოყოფის გეგმები ევროპისადმი მხარდაჭერის ინიციატივის (European Reassurance Initiative) ფარგლებში“.

„მდივანმა  კარტერმა ასევე დაადასტურა შეერთებული შტატების ვალდებულება განაგრძოს თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობა, მათ შორის ყოველწლიური ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნებისა და ტრეინინგების სახით“, – განაცხადა პენტაგონმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა შეაფასა, როგორც „გამორჩეულად მეგობრული და პროდუქტიული“.

„ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც პარტნიორობა არ არის ფორმალური და ის ასევე არის მეგობრული“, – განაცხადა ხიდაშელმა, „ეს ორმხრივი პარტნიორობა, მეგობრობა კიდევ უფრო ძლიერ  საყრდენს შეიძენს ეშ კარტერის მინისტრობის პირობებში“.

„მეტი დახმარება და მხარდაჭერა ქართულ არმიას და ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების არსებულ გარემოს იმისთვის, რომ საქართველომ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორმა სახელმწიფომ, წარმატებით და ადეკვატურად უპასუხოს რეგიონში არსებულ გამოწვევებს – ეს არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ თავდაცვის მდივნისგან მივიღეთ და უახლოეს მომავალში პრაქტიკულ შედეგებს გამოიღებს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის საკითხებში, ჯეიმს როდრიგესს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის უწყებაში ახლახან შეიქმნა  დეპარტამენტი, რომელიც კურირებს შეიარაღებული ძალების დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ ხელშეწყობას,  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეინტეგრაციის პროცესებს. ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილეობისას 2010 წლიდან 2015 წლის აპრილის ბოლომდე პერიოდში 274 ქართველი სამხედრო დაიჭრა.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე გამართა მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში პუნიტ ტალვართან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)