პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, როგორც „პირდაპირი წესით არჩეულ უმაღლეს თანამდებობის პირს“, სურს, რომ სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას მიმართოს სიტყვით, თუმცა ეს პოზიცია „ჯერ-ჯერობით“ მთავრობის მიერ გაზიარებული არ არის, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.
ეს განცხადება მან 19 აგვისტოს ბრიფინგზე მას შემდეგ გააკეთა, რაც მანამდე, 15 აგვისტოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს საქართველოს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გაეროს შტაბ-ბინაში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობაზე დავა წარმოიშვება პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და პრემიერ-მინისტრს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს შორის.
შარშან ანალოგიური უთანხმოება დასრულდა იმით, რომ პრემიერ-მინისტრმა მიმართა სიტყვით გაეროს გენერალურ ასამბლეას და ასევე მონაწილეობა მიიღო ასამბლეის ფარგლებში ჩატარებულ კლიმატის ცვლილების სამიტში, სადაც ასევე იყო მიწვეული პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელმაც ხანგრძივი პოლემიკის შემდეგ, საბოლოოდ უარი თქვა ამ სამიტში მონაწილეობასა და აშშ-ში გამგზავრებაზე.
23 ივლისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბარში ლიტველი კოლეგისგან დალია გრიბაუსკაიტესგან მიიღო მიწვევა ნიუ-იორკში დაგეგმილ დისკუსიაში "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება". თენგიზ ფხალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ 29 სექტემბერს პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ამ დისკუსიაში.
მისივე ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვა შეხვედრების დასაგეგმად, რათა პრეზიდენტის აშშ-ში ყოფნა და „საერთაშორისო არენაზე მისი მაღალი ავტორიტეტი“ აშშ-სთან ურთიერთობების „განვითარებისა და გაღრმავებისათვის“ იქნას გამოყენებული.
„რადგან პრეზიდენტი იმ პერიოდში არის შეერთებულ შტატებში, როდესაც იხსნება გაეროს გენასამბლეის გენერალური დებატები, კარგი იქნებოდა, რომ მას მისცემოდა საშუალება, რომ სიტყვით გამოსულიყო გენერალურ ასამბლეაზე“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა 19 აგვისტოს.
ეს, გაეროში არსებული წესების მიხედვით, ფხალაძის თქმით, საქართველოს საშუალებას მისცემდა გენერალური დებატების დასაწყისშივე წარმდგარიყო ასამბლეის წინაშე, ვინაიდან „როგორც წესი, პირველ რიგში სიტყვით გამოდიან სახელმწიფოების მეთაურები და მხოლოდ ამის შემდეგ გამოდიან მთავრობის მეთაურები და სხვა წარმომადგენლები“.
ფხალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის ამ სურვილის შესახებ ინფორმირებულია მთავრობა, თუმცა „სამწუხაროდ, ეს პოზიცია დღეისათვის ჯერ-ჯერობით გაზიარებული არ არის“.
„თუმცა გაეროს გენერალურ დებატებამდე არის დაახლოებით ერთი თვე დარჩენილი და კარგი იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს პოზიცია იქნება გაზიარებული“, – დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ „სპეკულაციები“ გაეროში ვიზიტზე „გაუგებარი, არასერიოზული და შეურაცხმყოფელია“ ქვეყნისა და ხალხისთვის.
„ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებაზე. მე გაეროში, ნიუ-იორკში და ნებისმიერ სხვა ადგილზე, სადაც მივდივარ, იქ მივდივარ საქმის გასაკეთებლად და არა სანახავად“, – განუცხადა ღარიბაშვილმა 18 აგვისტოს ჟურნალისტებს.
„თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ წავიდეს ნიუ-იორკში ან სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, ეს მისი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ“, – დასძინა მან.