საგარეო საქმეთა სამინისტრომ „შეშფოთება“ გამოხატა რუსეთის მიერ ესტონეთის პოლიციის ოფიცრის ესტონ კოჰვერის „გატაცების“ და მისი გასამართლების გამო.
„აღნიშნულ განაჩენს, ისევე როგორც ესტონ კოჰვერის პატიმრობას, განვიხილავთ როგორც უკანონო ქმედებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 19 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა მოხდეს ესტონეთის მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და მისი უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
კოჰვერი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სექტემბერში დააპატიმრა. ესტონეთმა განაცხადა, რომ ის ესტონეთის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ჩასაფრების შედეგად გაიტაცეს, რუსეთი კი ამტკიცებს, რომ ესტონელი ოფიცერი თავის ტერიტორიაზე აიყვანა. ფსკოვის ოლქის რეგიონულმა სასამართლომ კოჰვერს 19 აგვისტოს 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა ჯაშუშობის, იარაღის კონტრაბანდის და რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებებით.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ კოჰვერის „გატაცება და რუსეთში მისი შემდგომი უკანონო დაკავება საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევას წარმოადგენს“ და მოსკოვს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ კოჰვერის „გატაცების“ და „უსაფუძვლო ბრალდებებით“ განაჩენის გამოტანის გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)